ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკისა და შეკვეთილის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის პროექტი, რომლის ღირებულება 63 მილიონ ლარს შეადგენს, იწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების პირების განცხადებით, 5 მილიონი ლარის ღირებულების მასალა და დანადგარები უკვე ადგილზეა.
"ტურისტული სეზონის დაწყებამდე წყალმომარაგების გარე ქსელის და სატუმბი დანადგარების მოწყობა უნდა მოესწროს, სეზონის დასრულებისთანავე კი, სამშენებლო კომპანია დაბა ურეკისა და შეკვეთილის შიდა ტერიტორიების დაქსელვას დაიწყებს", _ ამბობენ გურია ნიუსთან" ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა, ასე არ ფიქრობენ დაბა ურეკის მცხოვრებლები და სასტუმროს მეპატრონეები.
მათი თქმით, სახელმწიფომ წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციისთვის შარშან მილიონები ჩადო, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.
გზა, ტროტუარი, წყალი, კანალიზაცია, გაზი _ ინფრასტრუქტურის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტები ურეკში ჯერ კიდევ არ არსებობს. გადაუჭრელი პრობლემები, საკურორტო – ტურისტული თვალსაზრისით, უდიდესი პოტენციალის მქონე დაბა ურეკს წლების განმავლობაში აქვს.
9 ივნისს, ურეკის ცენტრში გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით ჩამოსულ ვიცე-პრემიერ საგანგებოდ დაყენებული ტრაქტორები და მუშები დახვდა. აქვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დაბა ურეკში მხოლოდ სეზონზე იწყება გზის გადათხრა და რეალურად არაფერი არ კეთდება.
"შარშან გადათხარეს წყლისთვის გზა, ზუსტად ამ დროისთვის, ამოგვახრჩვეს მტვერში, წყალი კიარაა, ის სჭირდებოდათ მაშინ და როგორც ჩანს ჩამოწერეს ფული, წელს გაზიფიცირება იწყებაო, სეზონზე გადაგვითხარეს მთელი ურეკი და გაზი მაინც არ იქნება. ხომ შეიძლებოდა დაეწყოთ შემოდგომაზე, ზამთარშიც შეიძლებოდა ისეთი ამინდები იყო, გაზაფხულზეც და ახლა დაიწყეს სეზონზე, ამას რა ჰქვია? სამჯერ გადათხარეს უკვე აქაურობა, გზა რა სანახავია, ჩააკერეს ასფალტი მხოლოდ, სასწაული გვჭირს ამ ურეკში, განუკითხაობაა", _ აცხადებენ ურეკში მცხოვრებლები.
"როგორ უნდა ჩამოვიდეს აქ ტურისტი, ეს აგდება არაა? აუტანელი მდგომარეობაა, პატრონი არ ჰყავს, სამარცხვინო ამბავი გვჭირს ურეკში მცხოვრებლებს, ერთი ისაა, რომ პლიაჟი დასუფთავებულია და ნაგავი გატანილია, სხვა თქვენი თვალითაც ნახავთ არ მდგომარეობაა, გადათხრილი, მტვრიანი, ვის აქვს მაგათი იმედი? ელემენტარული მოწესრიგება არ შეიძლება ზღვის სეზონზე? რას აკეთებენ თვითონ არ იციან, ფულის შეჭმა უნდათ და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი ცალ -ცალკე, თორემ ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ერთად გაეკეთებინათ? მობილიზაცია მოეხდინათ? არა, გადათხარეს შარშან წყალი შემოგვყავსო და ჯერაც არ არის გაკეთებული. რა არის გასახსნელი, რას ხსნის ვიცე პრემიერი? იმას, რომ ის რომ გაზი გვექნება? შემოდგომაზე გვექნება კი, ესეც საკითხავია? რაღაცა ისე უცებ მოთხარეს, არ მაქვს იმედი, აქ მოვა დამსვენებელი? გაგიჟებულები ვართ" , _ ამბობს " გურია ნიუსთან" ურეკის მკვიდრი, რომელიც სახელისა და გვარის გამჟღავნებას საჯაროდ ერიდება.
ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე კი ამბობს, რომ ის მილები, რომელიც შარშან ჩაყარეს მიწაში უფუნქციოდაა.
"ჩაყარეს და არის, განისვენებს მოკლედ რომ ვთქვათ, ჯერ არ იციან წყალი საიდან უნდა წამოვიდეს და არის მიწაში, დევს, ამ სახელმწიფოს ფული გადახდილი აქვს, ასი ათასობით ლარი და ეს მილები უფუნქციოდაა, განუკითხაობაა. როგორ შეიძლება ძვირადღირებული მილები ჩაყარო მიწაში და წყალი ჯერაც არ იყოს გაშვებული? ყრის მიწაში, რატომ, როცა პროცენტს იხდის სახელმწიფო?
ანალოგიური სიტუაციაა გაზთან დაკავშირებით. გადაითხარა ყველაფერი და წყალი წელს დამსვენებელს მაინც არ ექნება, აბა რა ჰქვია ამას? საზოგადოების მოტყუება? თვალის ახვევა? სახელმწიფო დებს, მაგრამ ვიღაცა საბოტაჟს ეწევა, დამსვენებელი დაგვცინის. ორმოები როგორი ამოვსებულია ნახეთ ერთი, ორი თვე გვაქვს სეზონი და ისიც ასეთ მდგომარეობაში? ამით სარგებლობს სხვა რეგიონები, დამსვენებელი გადადის აჭარაში გაწვიმდება და დენიც არ არის, ურეკს არც წყალი აქვს, არც გაზი, არც კანალიზაცია" , _ ამბობს სასტუმროს მეპატრონე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ წყალის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აზიის ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა განახორციელოს, მისი თქმით მიმდინარეობს მშენებლობა, 15 ივნისს კი, წყალმომარაგების გარე ქსელის მონტაჟი დაიწყება.
ჩვენს კითხვაზე, რას იტყვიან მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით, რომ მათ წყალი წელსაც არ აქვთ, გობრონიძე განმარტავს, რომ
მოსახლეობას წყალი წელს ვერ ექნება, რადგან ეს არის 63 მილიონიანი პროექტი, რომელიც არ შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს, ის სამ წელს მოიცავს.
"ეს პროექტი ხორციელდება აზიის ბანკის დაფინანსებით, დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, შემსრულებელი კომპანია კი მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, ჩვენ მუნიციპალიტეტი არ ვერევით ამ საქმიანობაში საერთოდ, გამორიცხულია ჩვენი ჩართულობა" _აღნიშნავს გობრონიძე.
რაც შეეხება გზის დროებით შეკეთებას, გობრონიძის თქმით ასფალტის ჩაკერება განხორცილდა, რადგან სანამ არ დასრულდება გაზიფიცირებისა და წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მანამდე დროებით მოხდა ორმული შეკეთება, როცა დასრულდება აღნიშნული პროექტები,მაშინ გაკეთდება კაპიტალურად"_აღნიშნა გობრონიძემ. მისივე თქმით 3 კილომეტრიანი გზის ორმული შეკეთებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 25 ათასი ლარია გამოყოფილი.
აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით " გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა ვიცე პრემიერმა კახი კალაძემ, რომელიც ურეკში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოების მოსანახულებლად იყო ჩამოსული.
ჩვენს კითხვაზე, რატომ ხდება ურეკში გზების გადათხრა ყოველ სეზონზე, რაც დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს, კალაძე გვპასუხობს:
"ცხრა წელი ურეკში არაფერი არ გაკეთებულა, არ კეთდებოდა, ახლა ხორციელდება საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები. რაც შეეხება გაზიფიცირებას, დასრულდება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში, ეს პირიქით იმისთვის კეთდება, რომ ხელი არ შევუშალოთ დამსვენებლებს, გაზიფიცირების დასრულების შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომ ორჯერ არ მოხდეს გაკეთებული ასფალტის გადათხრა, წყლის პროექტი არის უზარმაზარი პროექტი, რომელიც 60 მილიონზე მეტი ღირს, ეს მარტო ურეკის წყალმომარაგებას არ მოიცავს, ეხება ოზურგეთსაც, მაგრამ მე მქონდა საუბარი ამის შესახებ და ვიცი, რომ წარმატებით მიმდინარეობს, არსებობს გეგმა და იმის მიხედვით ხორციელდება სამუშაოები" , _ აღნიშნა კალაძემ.