პოლიციელების ცემაში მსჯავრდებულმა 5-მა პირმა, რომლებსაც განაჩენი გუშინ გამოუტანეს, შიმშილობა დაიწყეს.
ამის შესახებ ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მაია კეკელიამ "გურია ნიუსს" აცნობა.
მსჯავრდებულები ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობენ.
შეგახსენებთ, რომ მაია კეკელიას საქმის შესახებ "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა. საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან დაკავებული მამაკაცის, თემურ გაბუნიას გაქცევას.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა შენობიდან გაქცევა ნათესავების დახმარებით შეძლო, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, პოლიციელებისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ საქმეში ბრალდებული პირები. მათი თქმით, პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა იქეთ მიაყენეს. თუმცა, გუშინ, ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ საქმეში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო.
5 პირს პატიმრობა, ორ ქალბატონს კი ჯარიმა შეუფარდა.
როგორც მაია კეკელია ამბობს, შიმშილობის უკიდურესი ფორმით პროტესტს მსჯავრდებულებმა განაჩენის გამოტანის შემდეგ მიმართეს.
"დამირეკეს ციხიდან და მითხრეს, რომ ბიჭებმა შიმშილობა დაიწყეს. სხვა ინფორმაცია არ ვიცით. გუშინვე იყო ჩვენთვის ცნობილი, რომ ჩვენი საწინააღმდეგო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ისინი შიმშილობას დაიწყებდნენ. ხვალიდან მეც ვაპირებ პროტესტის ამ ფორმას მივმართო", _ ამბობს კეკელია.
"გურია ნიუსი" ცდილობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდეს და კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი
როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"
"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ"