12 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ ოზურგეთში, რესტორან “ქალაქურში“ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თვითმხილველის და დაზარალებულის ახლობლის, თემურ კილაძის თქმით, ახალგაზრდები ერთ-ერთი პოლიციელის ძმამ და მეგობრებმა სცემეს.
როგორც კილაძე ამბობს, ცემის დროს გამოყენებული იყო ხელკეტი, რომელიც ერთ-ერთმა დაზარალებულმა გამომძიებელ გიორგი შალიკაშვილს ჩააბარა.
“წუხელ ღამით, ჩვენი თანამშრომელს ჰქონდა დაბადების დღე, 21 წელი შეუსრულდა და რესტორან "ქალაქურში" წავედით. იქ იყო რამდენიმე სუფრა. ჩვენი სუფრის წევრებსა და მეორე სუფრის წევრებს შორის მოხდა დაპირისპირება, ჩხუბი. სიტყვიერი შეურაცხყოფა ბოლოს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ახალგაზრდას (გ.დ), რომელიც ჩემი თანამშრომელია, 9 კაცი დაესია საცემრად. ისე ურტყამდნენ, სახე გაერთიანებული აქვს, თვალები ჩალურჯებული, თან დუბინკით.
როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ის ბიჭი, ვინც დაიწყო ჩხუბი მეორე სუფრიდან და მიაყენა შეურაცხყოფა, პოლიციელის ძმა იყო. მანამდე, პოლიციის ერთმა მანქანამ ჩამოიარა, დაათვალიერა, ბავშვებს გაფრთხილება მისცა და წავიდა, შემდეგ მოვიდა პოლიციის მეორე მანქანა. სწორედ, აქ ისხდნენ იმ მოჩხუბრის საძმაკაცო პოლიციელები.
როგორც ჩანს, აქედან “დაითრია“ იმ ბიჭმა დუბინკა. ცემის დროს გამოყენებულია დუბუნკა, რას ნიშნავს ეს! პოლიციურ ქვეყანაში ვცხოვრობთ? როცა მოგინდება, "დუბინკით" უნდა მცემო? უპატრონები რადგან არიან? ასეთი არ მინახავს“, _ ამბობს თემურ კილაძე და “გურია ნიუსს“ ექსკლუზიურად აძლევს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ჩხუბის დროს გასაშველებლად ჩაერთო, თენგიზ კაპანაძეა.
მან ეს "დუბინკა" წაართვა იმ ბიჭს, შემდეგ პოლიციელი სთხოვდა, რომ მიეცათ, თუმცა, კაპანაძემ არ დათმო და დაკითხვის დროს პოლიციაში გამომძიებელ გიორგი შალიკაშვილს ჩააბარა.
“წაიყვანეს თენგო კაპანაძე და გ.დ პოლიციაში. ამათ მოხვდათ "დუბინკა" ცემის დროს და ესენი წაიყვანეს დაკითხვაზე და ის ბიჭი, ვინც წამოწყო ეს ამბავი, სახლში წაიყვანეს, ანუ პოლიციელებმა დაიცვეს ის ბიჭი, მისი ძმობის გამო? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?"
„გურია ნიუსმა“ ნახა გ.დ, რომელსაც სახეზე მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები. ის ამბობს, რომ პოლიციაში ჩვენება მიაცემინეს, ბათუმში ექსპერტიზაზე წაიყვანეს.
შსს პრესსამსახურში ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს: “იყო ჩხუბის ფაქტი "ქალაქურში. გამოძიება მიმდინარეობს სსკ 118 მუხლის პირველი ნაწილით, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ კი გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, ის პასუხს აგებს კანონის წინაშე. რაც შეეხება "დუბინკის" გამოყენების ფაქტს, ერთ-ერთმა პირმა ნამდვილად მიიტანა ეს ხელკეტი პოლიციაში და აღნიშნა, რომ ამით სცემდნენ, თუმცა, ეს არ არის პოლიციის ხელკეტი. მსგავსი ხელკეტი პოლიციაში არ გამოიყენება“, _ გვითხრეს შსს პრესსამსახურში.