საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიც დააზარალა.
სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულია ლისი, კოდორეთი, ნაფეტვრები, ბევრეთი, წყალდიდი და ბეთანიის მოსაზღვრედ მდებარე თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის რიგი სოფლები. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები და სახნავ-სათესი მიწები.
რაც შეეხება წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილ მეწყერს, 13-14 ივნისის ღამეს, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 500 000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონული განვითარებისა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ.
ამ ეტაპზე, მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და უწყებების შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე იმყოფებიან და კომპეტენციის ფარგლებში სტიქიის სალიკვიდიაციო სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ.