პოლონელი ბიზნესმენი, ვარშავაში პოპულარული რესტორნის მფლობელი და საქართველოს ძველი მეგობარი, მარიუშ არტურ ნაპორა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს და საზოგადო მოღვაწეებს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
"დღეს შევიტყვე თბილისში (საქართველო) მომხდარი წყალდიდობის შესახებ. ხალხი დაიღუპა.., საქართველოს, რომელიც ისედაც არ გახლავთ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, უდიდესი მატერიალური ზარალი მიადგა. რა ვითარებაშიც არ უნდა ვიყოთ, მოდით დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, იმ მცირე შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია“. იგი მეგობრებს მიმართავს, რომ აუქციონზე რაიმე ღირებული ნივთების გამოიტანონ, ხოლო შემოსული თანხები, პოლონეთში საქართველოს ელჩს ოფიციალურად გადაეცემა, თბილისში დაზარალებულთათვის გასაგზავნად. ამ მიზნით, მარიუშ არტურ ნაპორა, საკუთარ რესტორანში სპეციალური ქართული საქველმოქმედო საღამოს გამართვის ინიციატივით გამოდის. „თბილისში მე ჩემი გული დავტოვე (სამუდამოდ)", _ აცხადებს პოლონელი ბიზნესმენი.
ამასთან პოლონეთში საქართველოს საელჩოს დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა პოლონეთის სეიმში პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მიხალ შჩერბამ. ელჩისადმი მიწერილ წერილში დეპუტატი საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.