გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში კვლავ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, თუმცა, თბილისში ისეთი ძლიერი წვიმა, რაც ორი დღის წინ იყო, მოსალოდნელი არ არის.
როგორც ნიორაძემ "გურია ნიუსს" უთხრა, დღეს ღამით და ხვალ საქართველოს უემეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია.
"ზოგგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც. ელჭაქის დროს ქარის შკალური გაძლიერებაც სავარაუდოა. თბილისში, დღეს ღამით და ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა იქნება ელჭექით. ისეთი ძლიერი წვიმის განმეორებას, რაც ორი დღის წინ იყო, დედაქალაქში არ ვფიქრობთ", _ ამბობს ნიორაძე.
რაც შეეხება მომდევნო დღეების პროგნოზს, ნიორაძის ინფორმაციით, ამინდი გაუმჯობესდება, მაგრამ ღამისა და საღამოს საათებში თბილისში მაინც შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
"რაც მოხდა ის შეიძლება მხოლოდ რადარზე გამოჩნდეს და ისიც ერთი საათით ადრე, მაგრამ ამის წინაპირობა, რომ ისევ იგივე სტიქია განმეორდეს არ არის.
ღვარცოფების საშიშროებაა საქართველოს ცალკეულ რეგიონში კვლავ რჩება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში ქარის შკალური გაძლიერებაა მოსალოდნელი ელჭექის დროს", _ უთხრა ნიორაძემ "გურია ნიუსს".