სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, 16 ივნისს, საგანგებო შტაბის კოორდინაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გმირთა მოედნის, ესტაკადების, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები.
დღეს დილიდან საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად იხსნება მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, კოსტავასა და ვარაზის ხევის მიმართულებებზე.
დაახლოებით ღამის 03:00 საათზე დასრულდა გზის საფარის დაგება მელიქიშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე და მოიხსნა სატრანსპორტო მოძრაობაზე არსებული შეზღუდვა.
ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან, რომელიც მეწყრულ ზონაში მდებარეობს, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
თბილისის სხვადასხვა უბნებში განთავსებული სტიქიით დაზარალებულები, უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საჭირო მედიკამენტებითა და ექიმის უფასო კონსულტაციით. მცირეწლოვან ბავშვებს მიეწოდებათ სპეციალიზირებული საკვები.
გამგეობებში გრძელდება ტანსაცმლის, ჰიგიენის საშუალებების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებულთათვის. პროცესი მიმდინარეობს ორგანიზებულად.
სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღწერა და შესწავლა, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა დასრულდეს. საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით აღდგენას ექვემდებარებიან ჩაუტარდებათ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დღეს დილიდან თბილისსა და მის შემოგარენში ყველა დაზიანებულ უბანზე განახლდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს, ხოლო უგზოუკვლოდ დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება.