გამოცემა „USA Today“-ს მტკიცებით მიმდინარე წლის ბოლოსთვის ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში შეიძლება უზარმაზარი აისბერგი გამოჩნდეს. მოდრეიფე ყინულებში მყინვარ პაინ-აილენდთან წარმოქმნილი ნაპრალი დასავლეთით ანტარქტიდული ყინულის ფარზე განაგრძობს გაფართოებას და, მკვლევართა აზრით, სწორედ აქ წარმოიქმნება აისბერგი, რომლის ფართობი ბერლინის ფართობის ტოლი – დაახლოებით 880 კვადრატული კილომეტრი იქნება. გიგანტური ყინული ოკეანეში 2015 წლის ბოლოს მოხვდება. ამჟამად ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია.
პაინ-აილენდი ანტარქტიდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მოძრავი მყინვარია, რომელიც ოკეანისკენ ეშვება. სწავლულთა შეფასებით, აქ დასავლეთ-ანტარქტიდული ყინულის ფარის აისბერგების 10 პროცენტი წარმოიშვება.
„ნასას“ უკანასკნელი მონაცემები მოწმობს, რომ მყინვარი მცირდება. თუმცა, სწავლულთა ერთი ნაწილი გიგანტური აისბერგის ფორმირებას ბუნების ციკლის ნაწილად მიიჩნევს, რომლებიც მყინვარზე დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. „უკანასკნელი ყინულის დიდი მასივი 2008 წელს მოწყდა, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ წელსაც რაღაც მსგავსი მოხდებოდა. ასე რომ, ახალი ან ანომალიური არაფერი ხდება“, – განაცხადა პროექტ „აისბრიჯის“ ხელმძღვანელმა, დოქტორმა მაიკლ სტადინგერმა.