ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, 2014 წლის 2 სექტემბერს, მოკლული ლაშა მახარაძის საფლავი 13 ივნისს, თბილისში მომხდარმა სტიქიამ საგრძნობლად დააზიანა.
სასაფლაო, სადაც ლაშა მახარაძე ძმასთან ერთად არის დასაფლავებული მდინარე ვერემ გადარეცხა.
მახარაძე ვაკის სასაფლაოზე სწორედ იმ ადგილასაა დასაფლავებული, სადაც მდინარე ვერე მკვეთრ მოსახვევს აკეთებს და სვანიძის ქუჩისკენ მიემართება.
ამავე ადგილასაა მახარაძის ძმის, რძლისა და ძმისშვილის საფლავებიც. მდინარემ საფლავის ქვების ნაწილი მთლიანად წაიღო და ამ დრომდე ეძებენ. თვითონ საფლავები კი დაზიანებული არ არის.
როგორც "გურია ნიუსს" ლაშა მახარაძის ძმის, თენგო მახარაძის სიმამრმა უთხრა, სტიქიისას საფლავები მთლიანად წყლითა და შლამით იყო დაფარული:
"ჩვენ საფლავები მთლიანად წყლით დაგვხვდა სავსე, ქვების ნაწილიც აღარ არის, რომლითაც შემოსაზღვრული იყო ჩემი სიძისა და ქალიშვილის სასაფლაო. ქვები ძალიან მძიმეა, ინდოეთიდან გვქონდა ჩამოტანილი, თუმცა როცა სახლები მოჰქონდა მდინარეს, რა გასაკვირია, ესეც წაეღო?! ამავე ქვით გაკეთებული ორი სკამი საფლავებიდან საკმაოდ მშორებით ჩაფლული ვიპოვეთ, ნაწილს ამ დრომდე ვეძებთ".
მდინარისგან მოტანილი ნარჩენებისა და შლამისგან საფლავებს ამ დრომდე ასუფთავებენ.
ცნობისთვის, 2013 წლის 30 აგვისტოს უბედურმა შემთხვევამ თენგო მახარაძე, მისი მეუღლე, მცირეწლოვანი ბავშვი, ბიძაშვილი და თენგო მახარაძის მეგობარი იმსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ბერბუკის გადასახვევთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გასულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გორის ბრიგადას 5 ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა.