საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, ისაუბრა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ. მან მოუწოდა მრევლს, აღრიცხონ საზღვარგარეთ მყოფი ნათესავები, რათა საბოლოოდ გაირკვეს, რამდენი ქართველია უცხოეთში.
პატრიარქმა ისაუბრა აგრეთვე ფერეიდანში მცხოვრები ქართველების შესახებ და აღნიშნა, რომ მათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ჭირდებათ.
პრემიერ-მინისტრი პატრიარქის ინიციატივას ეხმაურება და "ყოველთა ქართველთა კონგრესის" ჩატარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს
"მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას "ყოველთა ქართველთა კონგრესის" ჩატარებასთან დაკავშირებით.
ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ.
გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურდ შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.