საქართველოს პრეზიდენტი GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე – "რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია" _ სიტყვით გამოვიდა.
ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნულ სესიაში მონაწილეობა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან ერთად მიიღო.
საუბარი დისკუსიის ფორმატში წარიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ ვითარებაზე, ევროპისათვის ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის სამეზობლო პოლიტიკასა და რეგიონში არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა.
"რუსი პოლიტიკოსები ძალიან მკაფიო მესიჯს აგზავნიან: ძირითადად საუბარია მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის დამოკიდებულებაზე. იგი მათ განიხილავს, როგორც თავიანთ "ტერიტორიულ საკუთრებას", სადაც სამხედრო ძალების გამოყენების გზით მკაცრი მოქმედების უფლება აქვს და რეაგირებას ახდენს ამ ქვეყნებში ნებისმიერი სახის დაძაბულობაზე, რაც არა მხოლოდ ხელს უშლის საკითხის გადაწყვეტას, არამედ უფრო მეტ პრობლემებსა და საფრთხეებს უქმნის რეგიონის მომავალს; მეტიც, სირთულეები მოაქვს თავად რუსეთისთვისაც.
"არავინ იცის სად წარმოიქმნება პრობლემა მომავალში, მაგრამ გვაქვს პოტენციური საფრთხეების გაცხადებული არეალი; ვიცით რუსეთის პოლიტიკის შესახებ, რომელიც საუბრობს "პრივილეგირებულ ინტერესთა ზონა"-ზე და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე, მას უფლება აქვს პირველმა მოახდინოს რეაგირება, იყოს ეფექტური და ქმედითი. როდესაც განვიხილავთ "პრივილეგირებულ ინტერესთა" აღნიშნულ სივრცეს, ვხედავთ, რომ ეს არის ევრაზიული კონტინენტის ნახევარი – რუსეთის სამეზობლო. აქამდე არსებული მაგალითები გვიჩვენებს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის პრობლემა, სირთულე, არასტაბილურობა, შიდა თუ გარედან პროვოცირებული, მაშინ რუსეთი პირველი რეაგირებს. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ პროგნოზებზე, რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობის შემთხვევაში, თქვენ უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება". – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.