დაახლოებით ერთი საათის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სოფელ გურიანთაში მცხოვრებ ავთო ბილიხოძის კუთვნილ ძროხას, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები გურიანთის ცენტრალურ გზაზე დაეჯახნენ და მოკლეს, _აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს“ სოფელ გურიანთის მცხოვრებლებმა აცნობეს. მათი თქმით, საპატრულო პოლიცია თავდაპირველად დაზარალებულ ოჯახს მოკლულ ძროხას არ ატანდა, ამავდროულად პატრული ჯარიმას დაზარალებულ ოჯახს უწერდა.
“ჩვენ ვართ დაზარალებული, ძროხა მოგვიკლეს და მიატოვეს, დამნაშავე ვერ დაადგინეს, მან მიმალვა მოასწრო. სამაგიეროდ ჩვენ გვაჯარიმებენ. ეს კანონია? სოფელში ძროხა არ გაივლის? ნახეთ ქალაქში შუა ქუჩებში როგორ დასეირნობენ, ან ცენტრალურ გზაზე, მაშინ იმათი მეპატრონეებიც დააჯარიმონ. მოვითხოვ გამოიძიონ, ვინ მომიკლა ძროხა და ზარალი ამინაზღაურდეს“ _ განაცხადა “გურია ნიუსთან“ დაზარალებულმა მარინა ბილიხოძემ.
რამდენიმე წუთიანი თათბირის შემდეგ საპატრულო პოლიციამ გადაწყვიტა დაზარალებული ოჯახისთვის ჯარიმა აღარ გამოეწერათ.