საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება.
ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა.
როგორც ხადური განმარტავს, შემცირება მიმდინარე ხარჯებს შეეხო, რომელთა დიდი ნაწილიც კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის იქნება მიმართული.
"ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ კოლეგებთან, ამავე დროს გავითვალისწინეთ ის, რაც მოხდა თბილისში 13-14 ივნისს და დღეს წარმოვადგინეთ უკვე პროექტის საბოლოო ვარიანტი. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი საბოლოო ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. ეს შეეხება მიმდინარე ხარჯებს, თუმცა აღნიშნული თანხების დიდი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის", _ განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ.
"მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც გაგებით მიიღეს არსებული პრობლემები. ყველაზე დიდი დანაკლისი ამ თვალსაზრისით განიცადა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და ორივე სამინისტრო ამას ძალიან გაგებით მოეკიდა", _ განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეხებია და მხოლოდ მიმდინარე ხარჯები შემცირდა.
"კაპიტალური და სოციალური ხარჯები არ შემცირებულა და შემცირდა მხოლოდ მიმდინარე ხარჯები. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლის განმავლობაში კაპიტალური ხარჯები პირიქით გავზარდოთ. ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან და მათი თანხების დიდი ნაწილი სწორედ კაპიტალური ხარჯების ნაწილში იქნება მიმართული", _ აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, დღესვე მთავრობას წარუდგენს რამდენიმე განკარგულების პროექტს, რომელიც თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრვისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.