დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე დღეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ვაჭრობის ატაშეს, ანტონიო ლო პარკოს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ზურაბ ტყემალაძემ სტუმარს დეტალურად გააცნო კომიტეტის სტუქტურა და საქმიანობა, ისაუბრა კომიტეტის სფეროში შემავალი დარგების შესახებ. მან იმ ვალდებულებებზე ისაუბრა, რაც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშია შესასრულებელი და მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.
"ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. კანონებში შესატანი ცვლილებების დიდი უმრავლესობა კი სწორედ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის გასატარებელია", _ აღნიშნა ტყელამაძემ შეხვედრისას.
ანტონიო ლო პარკოს განცხადებით, "უკვე დროა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უფრო კონკრეტული საქმიანობის ეტაპზე გადავიდეს, ამიტომ ჩვენი კონსულტაციებით სიამოვნებით დაგეხმარებით საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში, თუკი ქართულ მხარეს ამის სურვილი ექნება".
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.