ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ ქალაქ ოზურგეთში ოლიმპიური ცეცხლი შემოიტანეს. წვიმის გამო ოლიმპიური ცეცხლის შემოტანასთან დაკავშირებული ღონისძიება ღია ცის ქვეშ აღარ ჩატარდა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვახტანგ ბლაგიძემ პატარა სპორტსმენებთან ერთად ცეცხლი სახელმწიფო თეატრის ფოიეში შემოიტანა.
_ ეს არის ჩემთვის დღესასწაული, რომ ოლიმპიური ცეცხლი მე შემოვიტანე ოზურგეთში. – გვითხრა ვახტანგ ბლაგიძემ.
_ საქართველო თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენის მასპინძელია. როგორც იცით, 2015 წლის 26 მაისს, ათენში, პანათენაიკოსის სტადიონზე, სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 2015-ის მთავარმა სიმბოლომ – ოლიმპიურმა ცეცხლმა.
იგი ქვეყნის ათივე რეგიონის 66 ქალაქში მოგზაურობს და 26 ივლისს დედაქალაქ თბილისს ესტუმრება, სადაც 2 აგვისტომდე დაიდებს ბინას.
"საქართველო 35-ე ქვეყანაა, რომელსაც ერგო პატივი უმასპინძლოს ევროპის ახალაგზრდულ ოლიმპიურ თამაშებს." _ თქვა ღონისძიების წამყვანმა ზაზა ჯინჭარაძემ.
"_ 13 ივნისის ტრაგიკული დღე, რომ არ ყოფილიყო საქართველოს ისტორიაში, დამერწმუნეთ ყველამ, სრულიად სხვა პროგრამით შევხვდებოდით ამ არაჩვეულებრივ დღეს. მაგრამ არაუშავს, ოლიმპიადა წინ არის, გამარჯვებები იქნება თუნდაც იმ დაღუპულების საპატივცემულოდ, ჩვენი სპორტსმენები გააკეთებენ ყველაფერს, რომ მრავალი მედალი მიიღონ და გაიმარჯვან". _ თქვა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
"_ ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო იმ პროგრამით ვერ ვხვდებით ოლიმპიური ცეცხლის შემოტანას ოზურგეთში, როგორიც დაგეგმილი გვქონდა. ოზურგეთი არის დღეს ამაყი, რომ ოლიმპიური ცეცხლი ჩვენთანაა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქალაქ ოზურგეთიდან ახალგაზრდულ ოლიმპიადაში ორი სპორტსმენი იასპარეზებს," – გვითხრა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.