თბილისის მერიის ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა. დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით ტრენინგკურსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 60-მა პირმა გაიარა.
ტრენინგის მონაწილეებს დღეს თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ ვარდოშვილი, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, პროექტი გაგრძელდება და ივლისში ახალი ნაკადის გადამზადება დაიწყება.
"60-მდე ადამიანი გადამზადდა იმისთვის, რომ მათ უფრო მარტივად მოახერხონ ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირება, კერძოდ კი თავისუფლად შეძლონ სამსახურის პოვნა და დასაქმება. აღნიშნული კურსის შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ გაცილებით მარტივად და სწორად მოძებნონ თავიანთი უნარების შესაბამისი სამუშაო. ამ ტრენინგს აუცილებლად მოყვება გაგრძელება. ჩვენ, მუნიციპალიტეტი შევეცდებით ამ ადამიანებმა სამომავლო დასაქმების მიზნით სხვადასხვა სტრუქტურებში სტაჟირება გაიარონ",_ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პროექტს, რომელიც თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადებას გულისხმობს, თბილისის მერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანი შშმ პირების დასაქმების უნარების გაძლიერება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტი პირველ ივნისს დაიწყო და ეტაპობრივად ოთხი ჯგუფი გადამზადდა. ტრენინგკურსი სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდვის მქონე, მათ შორის სმენადაქვეითებულმა და მხედველობადაქვეითებულმა, 60-მა პირმა გაიარა.
თბილსიის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგკურსი შემდეგ მოდულებს მოიცავს: დასაქმების შესაძლებლობები, სექტორების მიმოხილვა; ღირებულებების განსაზღვრა და მიზნების ჩამოყალიბება სამსახურის ძებნის პროცესში; შესაფერისი ვაკანსიის მოძიება და ეფექტური CV-ს შედგენა; ეფექტური სამოტივაციო წერილის მომზადება; თანამშრომელთა შერჩევის პროცესი – ტესტირება, გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში ტრენინგის მონაწილეების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.
მერია თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადამზადების პროექტის გაგრძელებას გეგმავს. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ.