რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუს აეროპორტ სიაოშანის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. პირდაპირ ასაფრენი ზოლის თავზე მისმა გამოჩენამ აეროპორტის თანამშრომლებს შოკი მოჰგვარა, რამაც აეროპორტის მუშაობის პარალიზება გამოიწვია.
საღამოს 9 საათზე, გაოგნებული თანამშრომლების თვალწინ, ბრტყელმა ოთხკუთხა მანათობელმა ობიექტმა ჩაიქროლა, სვლა შეანელა და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავების თავზე გაჩერდა. ობიექტს ქვედა მხარეს ილუმინატორების მსგავსი კვადრატული ჭრილები ჰქონდა დატანებული, რომლებიც პერიოდულად სხვადასხვა ინტენსივობით ანათებდა. ობიექტი ოდნავ შესამჩნევად თრთოდა, რაც, თვითმხილველთა შეფასებით, ძრავას ან გენერატორის მუშაობის შედეგი უნდა ყოფილიყო.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გამოჩენასთან დაკავშირებით, სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია სიაოშანის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჟუან ჩჟოუჩანმა. მან დაადასტურა ქალაქში მოარული ჭორი იმის შესახებ, რომ აეროპორტის მუშაობის დროებითი შეჩერების მიზეზი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო. მან განაცხადა, რომ ობიექტი პირველად დისპეტჩერმა შეამჩნია – იგი ერთ-ერთ სარეისო თვითმფრინავის გადაადგილებას აკვირდებოდა, როდესაც რადარის ეკრანზე უცნაური ობიექტი დაფიქსირდა. დისპეტჩერმა ყველაფერი უფროსობას შეატყობინა. შედეგად, იმ დღეს 12 რეისი გადაიდო.
რამდენიმე წამის შემდეგ ობიექტი მოულოდნელად გაუჩინარდა და აეროპორტის ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა. სპეციალისტთა შორის კი გაცხოველებული კამათი გაიმართა იმის შესახებ, თუ რა იყო ეს იდუმალი ობიექტი: უცხოპლანეტელთა ხომალდი, ჩინელ სამხედროთა საიდუმლო ექსპერიმენტის შედეგი თუ უბრალოდ, თავისებური ატმოსფერული მოვლენა – გაურკვეველია.