თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე მტკვრისა და ვერეს შესართავთან მდებარე გვირაბიდან 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული ავტომობილი ამოიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და მერიის სხვა წარმომადგენლები.
ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განახორციელეს. მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, გვირაბში მუშაობდნენ მაშველები. მანქანის გვირაბიდან ამოყვანის პროცესში მონაწილეობდა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე.
სამუშაოები 5 საათი გაგრძელდა, შემდეგ კი ავტომობილი სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული BMW-ის მარკის ავტომობილი "ლაგუნა ვერესთან", მტკვრისა და ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი მანქანის გვირაბიდან ამოყვანა.