თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო "მერკურის" გახსნას დაესწრო. "მერკური" ფრანგული "აკორჯგუფში" შემავალი bრენდია. ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გორგასლის №9-ში მდებარეობს.
როგორც თბილისის მერმა სასტუმროს გახსნაზე აღნიშნა, სასტუმრო "მერკურის" გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოველდღიურად იზრდება ინტერესი თბილისის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ტურისტული პოტენციალის მიმართ. დავით ნარმანიამ სასტუმროს ადმინისტრაციას სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სასტუმრომ 38 ადამიანი შეიფარა და დაზარალებულებისთვის მედიკამენტები შეიძინა.
"პირველ რიგში, თბილისის მთავრობისა და თბილისელთა სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო სასტუმროს მეპატრონეებსა და ადმინისტრაციას, რომლებმაც თბილისში მომხდარი სტიქიის დღეებში დიდი მხარდაჭერა გაგვიწიეს და სასტუმროს ოფიციალურ გახსნამდე 38 დაზარალებული ადამიანი შეიფარეს, ხოლო სხვადასხვა სასტუმროში განთავსებული დაზარალებულებისთვის მედიკამენტები შეიძინეს", – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურა თბილისში სწრაფად ვითარდება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
„ამდენად, ჩვენ ყოველმხრივ მივესალმებით ინვესტორთა აქტიურობას და ვცდილობთ, შევუქმანთ მათ საქმიანობის კომფორტული პირობები. გარდა ამისა, თბილისის მერიას აქვს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ბოლო 8 თვეში 4 ახალი სასტუმრო გავხსენით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
"მერკური" 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელია, ბიზნესმოგზაურობისა და დასვენებისთვის. მსოფლიოს მასშტაბით მერკურის ბრენდის ქვეშ 750 სასტუმრო ფუნქციონირებს.