ლანჩხუთის "გურიის" ახლადდანიშნული ფინანსური დირექტორის, თენგიზ კიკვაძის თქმით, კლუბში აუდიტორული შემოწმების შედეგად, გურიის სამხარეო პროკურატურას ოთხი საქმე გადაეცა შესასწავლად.
"კლუბის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხი მასალა გადაგვეგზავნა ოზურგეთის პროკურატურისთვის. მათ შორის არის კლუბის ყოფილი ფინანსისტის, აკაკი დობორჯგინიძის მიერ განხორციელებული საეჭვო გადარიცხვის ფაქტი. საუბარია 7560 ლარის გადარიცხვაზე, სადაც საქმე გვაქვს თანხების არამიზნობრივ ხარჯვის ნიშნებთან და სამართალდამცავები დაადგენენ ამ თანხების გაცემის კანონიერებას" – განაცხადა კიკვაძემ.
ასევე გადავაგზავნეთ აუდიტის შუალედური აქტი და კლუბის ყოფილი დირექტორის, კობა მირზაშვილის მიერ წარმოდგენილი საბუთები 66 ათას ლარზე და თუ პროკურატურა ამ საბუღალტრო დოკუმენტაციის კანონიერებას დაადგენს, კლუბი მირზაშვილთან ფინანსური დავის საკითხს დადებითად გადაწყვეტს" – დასძინა კლუბის ფინანსურმა დირექტორმა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ საქმეს, საუბარია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულების კანონიერებისა და კლუბის დირექტორატის 2014 წლის პრემიალური დავალიანების (22312 ლარი ) მიზნობრიობის საკითხების გარკვევაზე.
"გურია ნიუსმა" ბრალდების ერთ-ერთ ადრესატთან აკაკი დობორჯგინიძესთან დაკავშირება სცადა, მაგრამ მისი მობილური ტელეფონი გამორთული იყო.