შსს-ს აკადემიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე განიხილეს მონაცემთა დამუშავების და სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის, საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალური მონაცემების დაცვის, ფაილური სისტემების, მონაცემთა შენახვის ვადების და სხვა საკითხები. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრენინგების ციკლს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებს. სწავლებები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და გადამზადდება შსს-ს ყველა დანაყოფის შესაბამისი თანამშრომელი.