"სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი" 2013-2015 წლებში, კვლევის – "სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" პრეზენტაციას გამართავს.
"სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა" კვლევა ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მხარდაჭერით განახორციელა.
"ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014" ანგარიშში აღწერილია ქვეყანაში 1991-2012 წლებში თვითმმართველობის განვითარების პროცესი და გაანალიზებულია 2012-2014 წლებში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის მსვლელობა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიზანს და ამოცანებს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, თვითმმართველობის სფეროში არსებული სიტუაციია ანალიზი და რეფორმის პროცესის მონიტორინგი, ასევე საზოგადოების და მედიის ინფორმირებულობის დონის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჟურნალისტთა ქსელი "თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის". ქსელის ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიები განთავსდა ელექტრონულ ბიულეტენში "თვითმმართველობის დროა". საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოეწყო თვითმმართველობის კოდექსის "მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში" თავში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საჯარო განხილვა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი "ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014", რომელშიც აღწერილია ქვეყანაში 1991-2012 წლებში თვითმმართველობის განვითარების პროცესი და გაანალიზებულია 2013-2014 წლებში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის მსვლელობა.
პრეზენტაციას, რომელიც ხვალ, 14:00 საათზე, სასტუმროში რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, პარლამენტის და მთავრობის წევრები დაესწრებიან.