ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიიდან მოსახლეობის ნაწილი დაგვიკავშირდა და კიდევ ერთხელ მერია -კონჭკათის გზის მშენებლობით დაინტერესება გვთხოვა.
მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ერთი თვეა შეჩერებულია, მიზეზად კი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები უამინდობის გამოა შეჩერებული.
"თუ დაიწყეს, რატომ არ აგრძელებენ? გაგვაგებინონ რა ხდება. ვიხრჩობით მტვერში და ნაგავში. ინციდენტი რომ მოხდა, იმის მერე გაჩერებულია მუშაობა. ჩვენ გვინდა გაკეთდეს ეს გზა დროულად, ფაქტიურად იმ ამბის მერე გზის მშენებლობა გაჩერებულია.
ახლა თუ მაგას არ მიაქცევენ ყურადღებას და არ განახლდება ამ გზის მშენებლობა, ჩვენ მოსახლეობა სხვანაირად მოვიქცევით. მთელი სოფელი დადგება ფეხზე, ფაქტიურად გზის პირზე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა, ნახეთ რა მდგომარეობა? ეს დაყრილი ქვა – ღორღი სულ სახლში შემოდის"- აცხადებენ "გურია ნიუსთან" მერიის მცხოვრებლები და შეჩერებულ სამუშაოებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას ასახელებენ:
"ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობთ. არის სხვადასხვა ვერსიები, რომ ამ ყველაფერს უდევს პოლიტიკური სარჩული, ამაში ჩართულია მთელი მაფიოზური კლანი, პოლიცია და უშიშროება ერთად. გვინდა რომ კიდევ ერთხელ გააშუქოთ ეს ამბავი. იქნებ დაინტერესდეს ვინმე ამ პრობლემებით და თუ პოლიცია არ იძიებს ამ საქმეს, თქვენ მიჰყევით ბოლომდე და იქნებ აეხადოს ფარდა ბურუსით მოცულ ინციდენტს" – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
"ძალიან საინტერესოა რატომ არის გაჩერებული მშენებლობა, პოლიციაში დაკითხვებს ისეთი ადამიანები ესწრებიან, პირდაპირი კავშირი რომ აქვთ ამ საქმესთან. რატომ უნდა ესწრებოდეს დაკითხვას ყოფილი პოლიციელი? ჩვენ, მოსახლეობას გვაინტერესებს რომ დროზე გაკეთდეს გზა!"_ ამბობს სოფლის მოსახლეობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ მერია – კონჭკათის გზის მშენებლობა გრაფიკით მიდის წინსწრებით და სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დამთავრდება.
"მე შემიძლია დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა სამუშაო უნდა შეესრულებინა კომპანიას ექვსი თვის ვადაში და როგორ წინსწრებით აქვს უკვე სამუშაოები შესრულებული, რაც შეეხება მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, ეს სიმართლეს არ შეეფერება" -აღნიშნავს გობრონიძე.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს.