თავდაცვის მინისტრი გიორგი გორელაშვილს შეხვდა, რომელიც სერგო თეთრაძესთან ერთად იყო დაპატიმრებული.
თინათინ ხიდაშელმა მისგან თეთრაძის საქმის დეტალები მოისმინა.
შეხვედრა 2 დღის წინ თავდაცვის მინისტრის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას მოყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში წამებაში მონაწილე ადამიანის ადგილი არ არის:
"ამჯერად, უკვე როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა მივმართო ყველას, ვისაც შესაძლოა რაიმე მტკიცებულება, მამხილებელი მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები გააჩნდეს წარსულში, თავდაცვის სამინისტროში ამ ან სხვა მსგავსი დანაშაულების შესახებ.
თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში, არ არის ადგილი არც ერთი ადამიანის, ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევებში სრულიად ცალსახა უნდა იყოს.
ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთანავე, ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, სრულიად მიუღებელია ნებისმიერი დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს.
სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღირსების დასაცავად. შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს ვინც ფიქრობს, რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ, მოგვაწოდონ სამინისტროში.
პირადად ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე ვიდქეთ უწყების ღირსების სადარაჯოზე და შესაბამისად, უმწიკვლოდ ვემსახუროთ საქართველოს.
სწორედ ამიტომ, მზად ვარ ხვალიდან შევხვდე ნებისმიერ ადამიანს, ვინც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში", _ განაცხადა ხიდაშელმა.