2015 წლის 4 ივლისს, უზენაესი სასამართლოში უკვე მეექვსედ ჩატარდა სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც სისხლის სამართლის მიმართულებით პრობლემურ საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო კონკრეტული სისხლის სამართლის კაზუსი, რომელიც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული ინფორმაციის ამოღების წესს ეხება.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების გარდა სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეები. სხდომის მონაწილეებმა ვრცლად იმსჯელეს წარმოდგენილ კაზუსზე, მათ შორის მიმოიხილეს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო პრეცედენტებიც.
სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭოს სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობდა.