საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში გია სალუქვაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბახმაროში სეზონის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკონფერენციო დარბაზი მოინახულეს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
დარბაზი ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ გუბერნატორს სამინისტროსთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართა, რათა შენობა მუნიციპალიტეტს გადმოეცეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დაიწყოს.
როგორც გია სალუქვაძემ აღნიშნა, შუამდგომლობა აუცილებლად მომზადდება. მხარის პირველი პირის განცხადებით, ბახმაროს აქვს პოტენციალი, ქვეყნის საუკეთესო კურორტთა რიცხვში შევიდეს და ამ მიზნის მისაღწევად, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდება.
კურორტს სულ მალე მრავალფუნქციური ბულდოზერი ეყოლება, რომელიც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იმუშავებს. ასევე, ბახმაროს დასუფთავებისთვის გამოყოფილია ახალი ავტო-ტექნიკა და თანამედროვე ტიპის სანაგვე ბუნკერები.
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციულად გაიმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. რის შემდეგადაც სეზონი ოფიციალურად დასრულდება, თუმცა კურორტზე დამსვენებლები აგვისტოს ბოლომდეც მრავლად არიან.
ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი კურორტია, რომელიც მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტი უნიკალური სამკურნალო თვისებებით და შთამბეჭდავი ბუნებით გამოირჩევა.
(R)