თბილისში, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე მუშები არიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ სამივეს ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა ცოტა ხნის გასხვისდა და მისი დემონტაჟი მიმდინარეობდა. ამ ტერიტორიაზე შპს "ტიფლის ბიზნეს ცენტრი" სასტუმროს აშენებას გეგმავს.
სამი მუშის გარდაცვალების გარდა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.