საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. ბულგარეთში გამართულ პირველობაზე ქართველებმა ვაჟებში, გოგონებსა და გუნდურში 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს!
გოგონებში ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მზია ბებოშვილმა დაისაკუთრა. 52 კგ წონით კატეგორიაში მზიამ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ისრაელის გუნდის წევრი შირ კელნერი, იტალიელი ლუდოვიკა ლენტინი, ხორვატი ტიეა ტოპოლოვიჩი, რუსი მარგარიტა შრაინერი და ავსტრიელი ლისა დენგი.
შეგახსენებთ: მზია ბებოშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც პირველხარისხოვან შეჯიბრებაში მოიპოვა მედალი. ეს ორი წლის წინანდელ ევროჩემპიონატზე მოხდა – მაშინ მზია 48კგ წონაში ჭიდაობდა და მესამე ადგილზე გავიდა.
სოფიაში გამართულ ევროჩემპიონატზე მზია ბებოშვილის ოქროს გარდა, გოგონათა გუნდზე კიდევ ერთი მედალია – მარიამ ჭანტურიამ (57კგ) მესამე ადგილი დაიკავა.
გაცილებით წარმატებული იყო ვაჟთა გუნდის ასპარეზობა, თუმცა ირაკლი ცირეკიძის და მინდია ბოდაველის გაწვრთნილი ბიჭებისგან ამას ყველა ელოდა. ქართველმა ჭაბუკებმა ბულგარეთში პირად პირველობაში 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატი კი დიდი უპირატესობით მოიგეს.
პირადში ევროპის ჩემპიონი ლაშა დუდაშვილი გახდა (73კგ), გიორგი ნიაზაშვილმა (50კგ), გოგა ქევხიშვილმა (81კგ) და ზაურ კენჭაძემ (90კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, რობინზონ ბეგლარაშვილი (60კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), ონისე სანებლიძე (90კგ) და გელა ზაალიშვილი (+90კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
გუნდური ჩემპიონატი საქართველომ ჯგუფში იტალიასთან და გერმანიასთან ერთნაირი ანგარიშით 4:1 გამარჯვებით დაიწყო. ნახევარფინალში ქართველმა ჭაბუკებმა უკრაინას ამავე ანგარიშით სძლიეს, ფინალში კი კვლავ 4:1 – ამჯერად ჰოლანდიასთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლაშა დუდაშვილის შესანიშნავი გამოსვლა: პირად და გუნდურ პირველობაში მან 9 შეხვედრა გამართა და ყველა მოიგო, მათ შორის შვიდი – იპონით!