უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კიევის ოლქის პროკურორის მოადგილე და საგამოძიებო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნახევარი მილიონი დოლარი, რომელსაც ბრალდებულები კაბინეტში და საცხოვრებელ სახლში ინახავდნენ.
სპეცოპერაციის დეტალების შესახებ უკრაინის პრეზიდენტთან თათბირზე მთავრი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე მივიდა, რომელმაც ქვეყნის პირველ პირს დაკავების მიზეზები განუმარტა.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს და დაინტერესდება როგორ მოხდება მისი გამოძიება.
საქმის მასალებით ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებმა ფული კორუფციული გარიგების შედეგად ბიზნესმენებს გამოსძალეს.
"სასიამოვნოა, რომ პროკურატურა თავად არის ინიციატორი მისივე რიგებში წმენდის დაწყებით. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტიპის კორუფციონერები არიან სხვა სახელმწიფო ორგანოებშიც. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ დავიწყებდით ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და მთავარ პროკურატურასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანგარიში ჩავაბაროთ ამ თემაზე უკრაინელ ხალხს", _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.