საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ბრიტანეთის მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს.
როგორც თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, "წინასწარი ინფორმაციით 2015 წ. 5 ივლისს ქ. თბილისში, გლდანის IV მიკრორაიონში, ნ. გ.-სა (რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა) და ა.ს.-ს შორის მოხდა კონფლიქტი. კონფლიქტის მონაწილეთა განმარტებით, ერთის მხრივ, ნ.გ.-მ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგომ მოქალაქეებს, მათ შორის ა.ს.-ს შენიშვნა მისცა ხმაურთან დაკავშირებით და დაემუქრა, ხოლო მეორეს მხრივ, ა.ს.-მ საპასუხოდ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიებაც დაიწყო სსკ 125 მუხლით!".
"_საქმესთან დაკავშირებით ამ მომენტშიც იკითხებიან მოწმეები, მათ შორის ნ.გ. იმის გამო, რომ ნ.გ. თავის საჯარო განცხადებაში (Facebook-ზე) აღნიშნავს, რომ მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მიმართვებს – გამოძიების პროცესში აუცილებლად დადგინდება არის თუ არა სახეზე დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ემიჯნება ყოველგვარ დისკრიმინაციას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ შსს-ს დანაყოფების მიერ დისკრიმინაციის პრევენციისა და ამ ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, ჯერ კიდევ 2014 წელს გამოიცა სპეციალური დირექტივა, რომლის მიზანიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი მოთხოვნების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფაა", _ წერს თალაკვაძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ოფიცერი ნესტორ გოგოძე ამბობს, რომ საქართველოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, "ინგლისელი ჰომოსექსუალი" უწოდეს.