გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის ინიციატივით გურიის სამხარეო ადმინისტრაციასთან არსებული სათათბირო ორგანო – საზოგადოებრივი საბჭო იქმნება. საზოგადოებრივი საბჭოს შემადგენლობაში თითქმის ყველა ცნობილი, პროფესიონალიზმით გამორჩეული გურიის მკვიდრი შევა.
"ადამიანები, რომლებისთვისაც გურია გეოგრაფიულ მდებარეობაზე და სახელწოდებაზე გაცილებით მეტია და რომლებიც მოწადინებულები არიან, რომ მშობლიური კუთხისთვის, ყველა მიმართულებით, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთონ ჩვენთან ერთად" – თქვა გურიის გუბერნატორმა.
გია სალუქვაძემ შეხვედრაზე ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის, დაცული ტერიტორიების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
"20-30 წლის განმავლობაში იჩეხებოდა გურიაში ტყეები. ტყის საფარი გავერანებულია ჩოხატაურში, ბახმაროს მისადგომებთან და ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, გარემოს დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან. ვფიქრობ, რომ გურიაში რამდენიმე დაცული ტერიტორია უნდა შეიქმნას, სადაც ვერასოდეს ვერავინ ფეხს ვერ შედგამს. ეს ტერიტორიები ჩვენს შთამომავლობას უნდა გადაეცეს. ახლა გავიგე ჩინეთის მოქალაქეებს ჰქონიათ რაღაც ლიცენზია და ახლა ვარკვევ დეტალებს. ისინი ხე-ტყის მოპოვებას ცდილობენ ჩოხატაურში. ამიტომ გარემოს დაცვის ინსპექცისაც და სატყეო სამმართველოსაც ვთხოვე ზუსტი ანალიზი გააკეთონ, თუ რა ხდება." _ თქვა გია სალუქვაძემ.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, კონკრეტულად როდის იგეგმება დაცული ტერიტორიების შექმნა, გურიის გუბერნატორმა გვიპასუხა:
"მინდა მაქსიმალურად შევუწყო ხელი რეგიონში დაცული ტერიტორიების არსებობას. ფლორა და ფაუნა მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხებზე და უახლოეს დროში უფრო კონკრეტული პასუხი მექნება." _ გვითხრა გია სალუქვაძემ.