საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს. პროექტი ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტთან ( US Embassy DOJ) თანამშრომლობით ხორციელდება. ტრენინგი, თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურადაა დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით. ორდღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში განიხილება: მსაჯულთა შერჩევის უნარები, გეგმისა და კითხვების შედგენა, აცილების გამოყენება, თავის წარდგენა, ნდობის ჩამოყალიბება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
პროექტის შემდგომ ეტაპზე, 2015 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ხუთი იმიტირებული პროცესი ჩატარდება, რომლებშიც მოქმედი პროკურორები, ადვოკატები და მოსამართლეები მიიღებენ მონაწილეობას. ნაფიც მსაჯულთა როლში კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 100-ამდე სტუდენტი იქნება წარმოდგენილი.
ორგანიზების პროცესში, ასევე, ჩართულია ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROLI). პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) მიერ.