გუშინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ სიხარულიძე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაახლოებით 3 საათისთვის მოათავსეს.
როგორც მისმა კოლეგებმა გვითხრეს, სიხარულიძე სამსახურში შესვენების შემდეგ დაბრუნდა და თავი შეუძლოდ იგრძნო.
საკრებულოს წევრები გვიყვებიან, რომ ცუდად გახდომამდე სიხარულიძეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან შელაპარაკება მოუვიდა:
_ ვლადიმერი სამსახურში აღელვებული მოვიდა. რამდენიმე წუთში პატრულიც უკან მოჰყვა და საბუთები მოიტანა, _ გვითხრეს საკრებულოს წევრებმა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სიხარულიძე ცუდად პატრულთან შელაპარაკების გამო გახდა.
თავად მას მომხდარი არ ახსოვს და როგორც ექიმები ამბობენ, ეს ძლიერი ემოციის გამო მოხდა. ჩოხატაურში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაადგინეს და ამიტომ, მისი რეანომობილით ქუთაისში გადაყვანა გახდა საჭირო.
თუმცა, გადაყვანამდე საკრებულოს წევრები, რომლებიც პატრულს ადანაშაულებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ სიხარულიძეს საპატრულო ეკიპაჟი ხშირად აჩერებდა, შეეცადნენ უშუალოდ ინციდენტში მონაწილე პირებისგან გაეგოთ მომხდარის დეტალები, ამიტომაც პატრულის თანამშრომლებს საავადმყოფოსთან მოსვლა სთხოვეს.
„გურია ნიუსმა“ პატრულის თანამშრომლების და საკრებულოს დეპუტატების საუბრის ჩაწერა მოახერხა და დეტალების გარკვევასაც შეეცადა.
პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, გვარად დოლიძემ საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ სიტუაციას, მხოლოდ იმ ადამიანს აუხსნიდა, რომელმაც მას დაურეკა:
_ მხოლოდ მამაჩემის მეგობარს ვეტყვი რა მოხდა, დანარჩენებმა დაგვტოვეთ და ეს ადამიანი გეტყვით შემდეგ დეტალებს, _ პატრულის თანამშრომლის ამ მოთხოვნას დეპუტატები არ დაეთანხმნენ და ახსნა-განმარტებები მოითხოვეს. პატრულის თანამშრომელი მომხდარს ასე ყვება:
_ ღვედი არ ეკეთა და გავაჩერეთ. გაღიზიანებული იყო და გვკითხა რატომ გადამეკიდეთო, მერე საბუთები მოგვაყარა და წავიდა, _ აღნიშნავს პატრულის თანამშრომელი, რომელიც უარყოფს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უხეშად ესაუბრნენ.
კითხვაზე აქვთ თუ არა მათ ინციდენტის ჩანაწერი გვპასუხობენ, რომ არა. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა საპატრულო ეკიპაჟს არც ჯარიმა გამოუწერია, მიუხედავად იმისა, რომ მათი მტკიცებით სიხარულიძემ კანონი დაარღვია, საბუთები მიაყარა და წავიდა:
_ ჩვენ გავყევით უკან და სამსახურთან მივაკითხეთ, რომ საბუთები დაგვებრუნებინა. ეგ ჩვენი ხელმძღვანელობისთვისაც კი არ გვითქვამს. მაი დარჩა ჩვენში…
_ დამნაშავე იყო და იმიტომ გააჩერეთ?
_ ღვედი არ ეკეთა დ უბრალოდ, ვკითხეთ რატომ არ ეკეთა. იქცეოდა აგრესიულად და რომ მომცა საბუთები ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. გავყევით საბუთების დასაბრუნებლად. ქვითარზე არ იყო იქ საქმე უკვე იმ დონზე იყო გაღიზიანებული. მკითხა ჯინზე ხომ არ ხართ რომ მაჩერებთო, არადა პირველად ვიყავი ჩოხატაურში. მაქედან გამომდინარე გავყევით სამსახურში, რომ საბუთები დაგვებრუნებინა. ცუდად ყოფნის ვერაფერი ვერ შევატყვეთ _ უბრალოდ, მაგარი გაღიზიანებული იყო. გაღიზიანებული შეიძლება სახლიდან გამოხვიდე, ვიღაცამ რაღაც გითხრას და იმას შეელაპარაკო. დაახლოებით ათწუთიანი პერიოდი იყო _ 1-დან ორ საათამდე.
_ ზუსტად არ გაქვთ დაფიქსირებული?
_ ოქმი რომ დამეწერა, იქნებოდა დაფიქსირებული, მაგრამ რამდენ მანქანას ვაჩერებ მე გადამოწმებისთვის, ყველას ხომ არ ვიზამ, _ ამბობს პატრულის თანამშრომელი.
_ არაუშავს, _ საუბარში ჩაერთო მეორე მეწყვილე, რომელიც ამ საუბრის დროს „მამამისის მეგობარს“ აძლევდა განმარტებებს:
_ რას ნიშნავს არაუშავს? ადამიანი თქვენთან საუბრის შემდეგ ცუდად გახდა და რეანიმაციაშია..
_ ღმერთმა კარგად ამყოფოს და ასე იყო რაც იყო.
_ დამრღევთან საუბარი ვიდეოფირზე არ გაქვთ გადაღებული?
_ ვიდეოფირზე მე იმდენი რამე მაქ გადაღებული, ყველას ხომ არ გაჩვენებთ?!
_ არ გეუბნებით რომ მანახოთ _ კონკრეტულად ეს შემთხვევა გაქვთ თუ არა გადაღებული?
_ არა, _ დაგვიზუსტა პატრულმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ სიხარულიძის ცუდად გახდომასთან პატრულს კავშირი არ აქვს. კითხვაზე _ თუკი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დანაშაული ჩაიდინა, ღვედი არ ეკეთა და პატრულს საბუთები მიაყარა, რატომ არ შედგა შესაბამისი ოქმი, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გვითხრა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და სიხარულიძე შემოწმების მიზნით გააჩერეს:
_ როგორც საპატრულო პოლიციაში გვითხრეს, საბუთები არ მიუყრია, მგავსი რამ არ მოხდარა, _ გვითხრა გიორგობიანმა.
რაც შეეხება სიხარულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია. ის ამაჟამად ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მომხდარის დეტალები და პატრულთან საუბარი არ ახსოვს.