UEFA-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბოლო ბილეთი გამთენიისას, 05:15 საათზე გაიყიდა.
მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში გულშემატკივრები ბილეთებს უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში ყიდულობდნენ.
პროცესმა სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა ბილეთების რიგში უკმაყოფილო გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ. მათ პრეტენზიები ძირითადად, სამათალდამცველების მიმართ ჰქონდათ.
გულშემატკივრების განცხადებით, რიგი დარღვევის ფაქტები ხშირად იყო. შესაბამისად, მოქალაქეების ნაწილი სალაროებთან მისვლას ურიგოდ ახერხებდა.
ამასთან, უკმაყოფილო გულშემატკივრებმა ბილეთების გაყიდვის დასრულების შემდეგ, ვაკის პარკიდან ფეხბურთის ფედერაციასთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილებმა ფედერაცია ბილეთების არასწორად გაყიდვაში დაადანაშაულეს.
გულშემატკივართა მტკიცებით, ტაბლოზე, რომელიც ვაკის პარკში იყო დამონტაჟებული ციფრები რეკორდული სისწრაფით იცვლებოდა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ისინი ფედერაციას რამდენიმე ათასი ბილეთის მითვისებაში ადანაშაულებდნენ.
ფედერაციის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს UEFA-ს სუპერთასის მატჩის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ლაშა დვალიშვილმა უპასუხა და რიგში მდგომ ყველა მოქალაქეს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ვწუხვარ იმ ხალხის გამო, რომლებმაც ბილეთების მოპოვება ვერ შეძლეს. რაც შეეხება ბრალდებებს, მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ არც ერთი ბილეთი იმ რაოდენობიდან, რომელიც უნდა გაყიდულიყო, ფედერაციას მითვისებული არ აქვს“, – განაცხადა დვალიშვილმა.
ბილეთების გაყიდვა გუშინ საღამოს, 21:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფედერაციამ გულშემატკივართა მოთხოვნა გაითვალისწინა და პროცესი ბოლო ბილეთის გაყიდვამდე გაახანგრძლივა.