საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 14 ივლისს ეწვევა. ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს ბათუმში უმასპინძლებს.
ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
"14 და 15 ივლისს დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში. ეს არის დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების ფონზე, რომელიც ორი დღის წინ საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევას უკავშირდება.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს პრზიდენტის ყველა საერთაშორისო შეხვედრა იწყება ამ საკითხების განხილვით და, ბუნებრივია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული და ორი დღის წინ შექმნილი ვითარება, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. შეხვედრისას ასევე განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასოცირების დღისწესრიგის შესრულებას, და ზოგადად, რიგის სამიტის შედეგების იმპლემენტაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება", – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტუსკი შეხვედრებს თბილისშიც გამართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.
საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრები 15 ივლისს, პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს სიტყვით მიმართავენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 16 ივლისს დასრულდება.