ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
"ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ, ნათელი რჩება. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, დაკისრებული ყველა ვალდებულება. გამოიყვანოს ჯარები კონფლიქტის წინა პოზიციებიდან, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიღება“, _ განაცხადა ჯონ კირბმა.
როგორც ცნობილია, 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელო ბანერები აღმართეს, რის გამოც, საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი მოექცა.