ოზურგეთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაირკვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული ნაგავმზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან და 500 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მუდმივ სარგებლობაში 2 ერთეული ნაგავმზიდი და 150 ცალი ურნა, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს საკურორტო სეზონის განმავლობაში, დროებით სარგებლობაში, ერთი ნაგავმზიდი და 20 ცალი ლითონის კონტეინერი გადაეცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის არჩილ ყაზაიშვილის თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი აპირებს ნაგავმზიდის ყიდვას, მანამდე კი, დროებით ისარგებლებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ნაგავმზიდით.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ამ საკითხს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს.