დღეს, ქალაქ ოზურგეთში ე.წ "ძველი ბაზრის" ტერიტორიაზე , ბაზრის მოვაჭრეებსა და ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს შორის შელაპარაკება მოხდა.
მოვაჭრეების განცხადებით, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბაზარში ის მშენებლობები მოინახულა, რომელიც 35 წლიანი იჯარით გასცა ერთ-ერთ ბიზნესმენზე. ადგილზე იმყოფებოდა ბაზრის დირექტორიც.
დაპირისპირება მერსა და მოვაჭრეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა მათ ბეგლარ სიორიძეს დაპირებები შეახსენეს, რაზეც მოვაჭრეების თქმით, მერი განაწყენდა და მათ შეუარცხყოფა მიაყენა. ერთ–ერთი მოვაჭრე ნატო ასანიძე ცუდად გახდა. მისი გადაყვანა "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გახდა აუცილებელი.
'გურია ნიუსი ნატო ასანიძეს სამედიცინო ცენტრში ესაუბრა. ის ამბობს, რომ ქალაქ ოზურგეთის მერმა შეურაცხყოფა მიაყენა: "იქვე იყო დირექტორიც, ის ჩემსკენ ხელებით წამოვიდა. ბეგიმ მითხრა ფეხებზე მკიდიხარო, მე როგორც მინდა ისე გავაკეთებო. ვეუბნებოდი რაც დაგვპირდი ისე არ გაგვიკეთეთო, სიორიძემ გვპასუხობდა, "ამ ჩემს ფეხებს , სულ ფეხებზე მკიდიხართო". ამის შემდეგ გავხდი ცუდად, წავიქეცი და თავი დავარტყი ქვას. ამ ფაქტით არც პოლიცია დაინტერესებულა, არც ბატონ ბეგის უკითხავს ამბავი."- გვითხრა ნატო ასანიძემ.
ბეგლარ სიორიძე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.
"ჩემსა და ბაზრის მოვაჭრეებს შორის არაფერი არ მომხდარა, შელაპარაკებასაც ადგილი არ ჰქონია, შელაპარაკება მოხდა ბაზრის დირექტორსა და ერთ–ერთ მოვაჭრეს შორის. ამ ქალბატონმა ატეხა ისტერიკა და მინდა გითხრათ, რომ რამდენი ქალბატონი იკივლებს ბაზარში, მაგათ ჭკუაზე ჩვენ ვერ გავივლით. ჩვენ ვაკეთებთ ბაზარს ისე, როგორც შეეფერება ჩვენს ქალაქს და ამას წინ ვერ დაუდგება ვერცერთი ქალბატონის წივილ- კივილი."
უთხარით თუ არა თქვენ ნატო ასანიძეს "მე ყველაფერი ფეხებზე მკიდია, თქვენც მათ შორის ფეხებზე მკიდიხართო?"
_ არა, იმიტომ , რომ მე ფეხებზე არაფერი არ მკიდია და არც ამ ქალბატონისთვის მითქვამს მსგავსი რამ" _ ამბობს ბეგლარ სიორიძე.
ბაზრის დირექტორი რეზო შალამბერიძე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს:
"ის რაც შენდება, საქათმის ვარიანტი, ძალიან კარგად კეთდება. ჩემს სინდისს და ადამიანობას გეფიცებით ბატონ ბეგის ეს ხალხი არ მოუტყუებია. პროექტში დევს ის რასაც ეს მოვაჭრეები ითხოვენ, ამასთან დაკავშირებით იყო ცოტა კონფლიქტი, შელაპარაკება. სხვა აქ ზედმეტი არაფერი არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ქალისთვის შეურაცყოფა არ მიმიყენებია. ვისაც არ უნდა კითხოთ, ჩემგან ზედმეტი არაფერი ყოფილა. ჩვენ უყურადღებოდ არავინ დაგვიტოვებია".