საქართველოს მთავარი პროკურატურა აგრძელებს წამების, დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას. ამ მიზნით საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ფარგლებში თემაზე "არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაცია" სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ალესანდრო სავარისმა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ გახსნეს.
შეხვედრას საქართველოს პროკურატურის, ასევე სასამართლო კორპუსის, სახალხო დამცველის, უფლებადამცველი ორგანიზაციების, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში განიხილეს წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით კვალიფიკაციის საკითხები. გაანალიზდა ამ მიმართულებით არსებული სასამართლო პრაქტიკა.
შეხვედრას ესწრებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სამდივნოს იურისტი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გადმოსახედიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.