რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე ფონდის აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 14 ივლისის #287 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.
უწყების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 2015 წლის მაისიდან მუშაობს და აქამდე აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას კარგად იცნობს.
ჯუანშერ ბურჭულაძე მუნიციპალური განვითარების ფონდამდე, 2010-2015 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ფინანსური მენეჯერი იყო. მანამდე, 2007-2010 წლებში ს.ს. "კორ-სტანდარტ" ბანკის – ბიზნესის განვითარების დირექტორი. 2005-2007 წლებში კი – ს.ს. "სტანდარტ ბანკი" – საბურთალოს ფილიალის მმართველი; 2004-2005 წლებში ბურჭულაძე ს.ს "ქართუ ბანკის" – პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტში მუშაობდა. მანამდე კი, ის საქართველოს ეროვნული ბანკის, შპს "ლუქსის" და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.
1994-1998 წლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი (BBA – საბანკო-საფინანსო) დაამთავრა. 1999 წელს კი ბრიტანეთში, ოქსფორდის (Swan) სკოლა. ჯუანშერ ბურჭულაძე ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს. ბურჭულაძეს 2013-2014 წლებში გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2 პირადი მადლობა აქვს მიღებული.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ფონდის დირექტორის პოზიციაზე ილია დარჩიაშვილი შეცვალა. თავად დარჩიაშვილი კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა.