"ახალგაზრდები დეოკუპაციისთვის" – ამ სახელწოდების აქცია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ 22 ივლისს 12 საათზე ხურვალეთში გაიმართება.
"ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ქვეყნის სუვერენიტეტი, გავერთიანდეთ და ერთად მოვითხოვოთ საქართველოს დეოკუპაცია, ერთად მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა, შემოგვიერთდით! მავთულხლართები და მწვანე აბრები დღითიდღე გვიახლოვდება. ვიდრე შენს სახლამდეც დარჩება 450 მეტრი, შემოგვიერთდით!" – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
რუსეთის მიერ ოკუპაციას უცხოელი მოხალისეებიც გააპროტესტებენ,რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.
ორგანიზატორები გორელი ახალგაზრდები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აქციასთან დაკავშირებით მოწოდებები და ვიდეორგოლები სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა.