ფონდი "ქართუ" სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს.
ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების წესის შესაბამისად, დღეს უკვე შემოსულია 7 ოჯახის განაცხადი, რომელთა წევრების რაოდენობა 37-ს შეადგენს.
ასევე, სპეციალურად დაზარალებულთათვის გაიხსნა საგარანტიო ანგარიშები, სადაც მათთვის განკუთვნილი 1 657 000 ლარი უახლოესი დღეების განმავლობაში აისახება. ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარი გადარიცხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
"სწორედ თითოეული თქვენგანის დახმარებით ხდება შესაძლებელი დაზარალებული 50 ოჯახის მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის, განსახლებისა და სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, საიდანაც დღეს მობილიზებულია 10 მილიონი ლარი. აქ განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" და მის დამფუძნებელს, იმისათვის, რომ წესით აღებული ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ჩაირიცხება კიდევ 8 მილიონი ლარი და შესაბამისად, ის თანხა, რომელიც იყო საჭირო ამ წესის აღსასრულებლად, სრულად შეივსება", _ აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე ამ დროისთვის მობილიზებულია 24 611 618 ლარი, 882 710 დოლარი და 71 927 ევრო.