გრძელდება ივლიტას ბიბლიოთეკის მოწყობა, რისთვისაც სახსრები შემოწირულობებით იკრიბება. ბოლო დღეების შემოწირულობა ასეთია: ბუკისციხის საჯარო სკოლა _ 50 ლარი, მზია ქალიაშვილი _ 30 ლარი, მარიეტა ჩავლეიშვილი _ 10 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ 14 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა _ 3000 ლარი, კაფე "ციცინათელა" _ 100 ლარი, ნაზიკო გაგუა _ 100 ლარი., დავით კიკვაძე _ 5 ლარი, ანთიძე ლია _ 20 ლარი _ ეს თანხა, "გურია ნიუსის" საქველმოქმედო ანგარიშზე 10 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით "ივლიტას ბიბლიოთეკისთვისაა" ჩამორიცხული.
გრძელდება წიგნების შეგროვება ბიბლიოთეკისთვის. 13 ივლისს, ბიბლიოთეკის მშენებლობა მოინახულა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჩოხატაურიდან თემურ ჭკუასელმა, რომელმაც საერთო საქმეს ორი ხატი და საკუთარი ნაწარმოებების კრებულები შემოწირა.
ბიბლიოთეკა, რომელიც 19-ში ივლიტას დაბადების დღეზე უნდა გაიხსნას, ყველას ყურადღების საგანია _ გასულ სამშაბათს ბიბლიოთეკისთვის წიგნები კულტურის სამინისტრომ გამოაგზავნა, რომელიც "გურია ნიუსის" ოფისში კულტურის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ მოიტანა.
"ივლიტას ბიბლიოთეკაში" ჩვენი საამაყო მამულიშვილის – ნოდარ დუმბაძის ოჯახის წიგნებიც დაიდებენ ბინას, რომლებიც მწერლის ქალიშვილმა თავად ჩამოიტანა და პირველი აქტივობაც დაიგეგმა:
_ ცოცხალი წიგნების პროექტის ფარგლებში, ჩვენ აუცილებლად ამ ბიბლიოთეკაში გავმართავთ ღონისძიებას, _ აღნიშნა ქეთი დუმბაძემ.
ბიბლიოთეკას წიგნები გადმოსცა ცნობილმა მწერალმა გივი ალხაზიშვილმა.
სარემონტო სამუშაოებში ჩართული ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ცნობილი მომღერლის მანანა მენაბდის სტუმრობა, თბილი სიტყვები და მხარდაჭერა. როგორც ქალბატონმა მანანამ აღნიშნა, ეს სივრცე ახალგაზრდებს ახალი ურთიერთობების, სულიერი გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.
ამაზე თავადაც ბევრს საუბრობენ ის ახალგაზრდები, რომლებიც "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის" თავდაუზოგავად შრომობენ.
გუშინ და გუშინწინ, ორ ცვლად – ღამით და დღისით შრომობდნენ ჯუბა ბერძენიშვილი, ბუტა ოსიძე, ირაკლი ბენდელიანი, ნიკა კუტალაძე, აკა სიხარულიძე, თამაზ ქუხილაძე, ვანო აბუსერიძე, შალვა ბაბულეიშვილი.
ახალგაზრდებს გვერდით უდგანან და ფიზიკურადაც შრომობენ საკრებულოს წევრი გოჩა თოდრია, ჩოხატაურის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე შოთა სირაძე; ახალგაზრდებს ყურადღებას არ აკლებს "ვისოლის" ჩოხატაურის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი თემურ ჩხიკვიშვილი.
ბიბლიოთეკას უკვე აქვს მოასფალტებული და შემდგომში ახალგაზრდების შეხვედრებისთვის მოხერხებული ეზო, რომელიც დავით ჟღენტის ხელმძღვანელობით, მეგზევეებმა _ დათუნა ჟღენტმა და მისმა ბრიგადის ბიჭებმა უნაკლოდ, გულისყურით, ჩოხატაურის სიყვარულით, საშვილიშვილოდ გააკეთეს.