მოქალაქე დიანა ქართლელიშვილი პროკურატურას და სასამართლოს უმოქმედობაში ადანაშაულებს და თავისი კუთვნილი 27 ათასი ლარის დაბრუნებას ითხოვს. საქმე იმაშია, რომ ქართლელიშვილის ოჯახმა 2014 წლის 22 სექტემბერს გურჯაანში მდებარე ღვინის კომპანია "ჰელიოს +"-ში 11-ტონამდე საფერავის ჯიშის ყურძენი ჩააბარა, თუმცა ყურძნის საფასურიდან მხოლოდ 13 ათასი ლარი აქვთ აღებული, დანარჩენ თანხას, 27 112 ლარს, უკვე ერთ წელზე მეტია ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ქართლელიშვილი საქმეში დაზარალებულადაც არ არის ცნობილი, თუმცა პროკურატურის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ყურძენი ნამდვილად მისი საკუთრებაა.
ვერსია #1
როგორც ქართლელიშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა, ყურძენი ქარხანაში გვიან ღამით მიიტანეს, რადგან GWS-ის ღვინის ქარხანამ ჭურჭლის უქონლობის გამო ის ვერ ჩაიბარა.
"სოფლის საბჭომ მოგვცა ცნობა, რომ ყურძენი თელავში, GWS-ის ღვინის ქარხანაში უნდა ჩაგვებარებინა. თუმცა, მათ ჭურჭლის უქონლობის გამო ყურძენი ვერ ჩაიბარეს და უკან დაბრუნება მოგვიხდა. დაახლოებით, ღამის 11 საათზე მივიტანეთ ყურძენი "ჰელიოს +"-ში, თუმცა, იმის გამო, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა ქარხნის უფროსი, ქვითრის გარეშე ჩავაბარეთ. გვითხრეს, რომ პრობლემა არ შეიქმნებოდა და საბუთს დილით მივიღებდით. დილით ქარხანაში მისულებს საბუთზე ვინმე იოსებ ხუტიაშვილის სახელი და გვარი დაგვხვდა. დავუკავშირდი ქარხნის მეპატრონეს, როზმან რუსიას და ბუღალტერს, მანანა ელიკაშვილს, ავუხსენი, რომ ეს ჩემი ყურძენი იყო და სხვის სახელზე დამხვდა გაფორმებული. მათ მითხრეს, რომ პრობლემა არ შემექმნებოდა, ხუტიაშვილთან ერთად უნდა მივსულიყავი ქარხანაში და ჩემს კუთვნილ თანხას მომცემდნენ. მაგრამ იოსებ ხუტიაშვილს არც კი ვიცნობდი. ქარხანაში მეუბნებოდნენ რომ ხუტიაშვილს არც ისინი იცნობდნენ. ამის გარკვევას ნოემბრამდე მოვუნდი, საბოლოოდ, ხუტიაშვილს ორი თვის შემდეგ მივაგენი. დავუკავშირდი და ვუთხარი, თუ არ უნდოდა პოლიციისთვის მიმემართა, მაშინ შემხვედროდა და ქარხნის მეპატრონის თანდასწრებით მოეწერა ხელი საბუთზე, რომ ყურძენი ჩემი საკუთრება იყო. ხუტიაშვილთან ერთად შევხვდი ქარხნის ბუღალტერს, სადაც მან დაადასტურა, რომ ყურძენი ჩემი იყო, თუმცა ქარხანას მის სახელზე ჩაბარდა. აღმოჩნდა, რომ ბუღალტერი და ხუტიაშვილი ერთმანეთს იცნობდნენ და მსგავსი ფაქტი ამ ქარხანაში ადრეც მომხდარა; მიუხედავად იმისა, რომ ელიკაშვილი ამას უარყოფს. ასევე, აღმოჩნდა, რომ მთელი სეზონის მანძილზე ქარხანაში ხუტიაშვილს შეჰქონდა საფერავის ჯიშის ყურძენი გაყალბებული საბუთებით. რაც შემდგომ გამოძიებამაც დაადასტურა", _ აცხადებს ქართლელიშვილი.
მისივე თქმით, შარშან ჩაბარებული ყურძნიდან მხოლოდ ორი მანქანის თანხა, 13 ათასი ლარი მაქვს აღებული, დანარჩენი 27 112 ლარი დღემდე არ აუღია.
"ქარხნის მეპატრონემ მთხოვა გაყიდვებში პრობლემა მაქვს და ცოტა ხანს დამაცადეო, თუმცა დრო საკმაოდ გაიწელა. 12 დეკემბერს გურჯაანის პოლიციაში შევიტანე განცხადება, რადგან ქვითრები დამიმალეს და ქარხნის მეპატრონე ტელეფონზეც აღარ მპასუხობდა. საქმე აღძრეს საბუთების გაყალბებით და თაღლითობის მუხლით. დაკითხვის შემდეგ ჩემი საქმის პროკურორი და რაიონის პროკურორის მოადგილე შემპირდნენ რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში დამიბრუნებდნენ ქვითრებს რომ შემძლებოდა თანხის აღება. თვითონ კი გააგრძელებდნენ გამოძიებას. ჩემი დაკითხვა რომ დასრულდა გამომძიებელმა მარინა ფოცხვერაშვილმა მითხრა, რომ მეორე დღეს ისევ მომიწევდა მისვლა, რადგან დაზარალებულად უნდა გამოვეცხადებინე. პროკურატურას მეორე დღეს რომ დავუკავშირდი აღმოჩნდა, რომ ფოცხვერაშვილს ბიულეტენი გაუფორმეს ვითომ და ცუდად იყო. სამსახურში მისი დაბრუნების შემდეგ კი, ქარხანა სცნეს დაზარალებულად ისე, რომ არავინ მითხრა. ამის შემდეგ დამიკავშირდა ხუტიაშვილი და მითხრა რომ ქარხნის მეპატრონემ დარეკა გურჯაანის პოლიციის საგამოძიებოს უფროსთან და საქმე მოაგვარაო. ეს ინფორმაცია შემდეგ რუსიასგანაც გავრცელდა ინფორმაცია რომ მან მოაგვარა გურჯაანის რაიონული პოლიციის უფროსის მოადგილესთან, ლევან მაისურაძესთან და პროკურორ სანდრო გიორგაშვილთან საქმე და ხელშეუხებლობის გარანტია ქონდა. სასამართლო პროცესს კი გამიწელავდნენ ხელოვნურად ერთი წელი და თანხის აღებას ვერ შევძლებდი. ამ ინფორმაციით მეორე დღესვე მივედი გურჯაანის პროკურორთან ლევან ღვედაშვილთან და ვთხოვე აეხსნა რა გარიგებაზე და საქმის გაჭიანურებაზე ლაპარაკობდა როზმან რუსია. თუმცა, ღვედაშვილმა მიპასუხა, რომ ხალხი 2000 წლის შემდეგ ელოდება ფულს და შენ ცოტა ხანს არ გინდა მოიცადოო?! ამ სიტყვებმა გაამყარა რუსიას ნათქვამი რომ ის სიმართლეს ამბობდა და პროკურატურა გარიგებაში იყო ქარხანასთან", _ ამბობს ქართლელიშვილი.
მისივე თქმით, ქარხანა, ხუტიაშვილი და პროკურატურა რომ გარიგებულები არიან ისიც ამტკიცებს, რომ იოსებ ხუტიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მას თანხა გადახდილი არ აქვს.
დიანა ქართლელიშვილი აცხადებს, რომ მან ამის შემდეგ არაერთხელ მიმართა გურჯაანის და თელავის რაიონულ პროკურატურებს, საქართველოს მთავარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას. თუმცა ამ დრომდე მისი კუთვნილი თანხა ვერ აიღო.
გარდა ამისა, ქართლელიშვილი ეჭვობს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მიტო ხინაშვილი საქმის განხილვას განზრახ აჭიანურებს.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესები უკვე რამდენიმე თვეა აღარ მიმდინარეობს.
"ქვითრები გასანაღდებელია და ვალდებულია ქარხანა ჩემი კუთვნილი თანხა დამიბრუნოს. ვითხოვ თანხის სრულ ანაზღაურებას და სასამართლოსგან დაზარალებულად ცნობას რომ შევძლო დანარჩენი ზიანის ანაზღაურება რაც ამდენი თვის მანძილზე მომადგა.
12 დეკემბრიდან გამოძიება რომ დაიწყო საქმე სასამართლოს 3 მარტს გადაეგზავნა. არავინ იცის რას აკეთებდნენ ამდენ ხანს თუ რამე მნიშვნელოვანი გაარკვიეს რატომ ხუტიაშვილი თავისუფალი და თუ არა ოთხი თვე რატომ დასჭირდათ ხელოვნურად საქმის გაჭიანურების? იძულებული გავხდი მთავარი პროკურორისთვის მიმემართა, რადგან მოსამართლემ მაისამდე საქმის განხილვა არ დაიწყო. ორჯერ მივმართე პრემიერ–მინისტრს, ეკა ბესელიას, ნინო გვენეტაძეს და ირაკლი შოთაძეს. სამჯერ მივმართე გენერალური ისპექციის უფროსს მაგდა კაპანაძეს, მაგრამ შეშფოთების მეტი არაფერი მომისმენია და არც შედეგი მოჰყოლია. მაისში დაიწყო მოწმეების დაკითხვა", _ ამბობს ქართლელიშვილი და ითხოვს სასამართლოს განაჩენი დადგეს.
რაც შეეხება საქმის მთავარი პროკურორის პოზიციას, როგორც სანდრო გიორგაშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა პროკურატურას მოკვლევა დასრულებული აქვს და არსებითი განხილვისთვის საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი.
მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ დიანა ქართლელიშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურის გენინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს.
"როდის იქნება გენინსპექციის პასუხი ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ ეს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის", _ გვითხრეს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.
ვერსია #2
"გურია ნიუსი" საქმის დეტალების გასარკვევად იოსებ ხუტიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც საუბრის დასაწყისში კატეგორიულად უარყო, რომ დიანა ქართლელიშვილს იცნობდა, ასევე ისიც, რომ მან ქართლელიშვილის კუთვნილი ყურძენი ჩააბარა ქარხანას. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ყურძენი ქართლელიშვილს ეკუთვნოდა.
"დიანა ქართლელიშვილს არ ვიცნობდი. არც მისი შუამავალი ვყოფილვარ ქარხანასთან. ყურძენი ვიყიდე გიორგი ლეგაშვილისგან, ქართლელიშვილს არ ვიცნობდი. ახლა ამბობს, ყურძენი ჩემი იყოო, არ ვიცი რას ითხოვს. ქარხანას ფული არა აქვს მოცემული, ვალი ავიღე და ისე გავუსტუმრე ლეგაშვილს ფული. მოვიდა ლეგაშვილი, ავიღე ყურძენი და მორჩა. მერე გამოჩნდა, რომ ყურძენი ქართელიშვილის ყოფილა. ქარხნის შუამავალი არ ვარ. იბარებდა ყურძენს და ჩავაბარე. სხვა არანაირი შეხება არა მაქვს ამ ქარხანასთან... ქარხანას იქეთ აქვს ჩემი ვალი, ორი ქვითარი მაქვს გასანაღდებელი, თუ არ ვცდები 27 ათას ლარამდეა. გამოძიება სანამ არ დამთავრდება და ქვითრებს არ დამიბრუნებენ ამ თანხას არავინ მაძლევს", _ განაცხადა ხუტიაშვილმა.
თუმცა, ის ჩვენთან საუბრისას იმ თანხის ოდენობას ვერ იხსენებს, რომელიც ლეგაშვილს გადაუხადა, არც ის იცის, რამდენი აქვს მისი ვალი დარჩენილი.
"ნამდვილად არ მახსოვს, ლეგაშვილს თანხა რამდენი გადავუხადე, მაგრამ ვიცი, რომ ორი მანქანისაა. გადასახდელი არაფერი მაქვს. ქართლელიშვილს რა უნდა ვერ გავიგე. სასამართლოზე თქვა, მამაჩემს მისცეს 20 ათასი და მე 13 ათასი ლარიო. რაღას ითხოვს, ან რას იტყუება? 27 ათასს კიდევ ითხოვს თუ არა, ხვალვე ჩავუთვლი მაგ თანხას არ უნდა?! თუ ქართლელიშვილმა თავად მიიტანა ქარხანაში ყურძენი ან მე რა მინდოდა მაშინ იქ, ან რატომ ეწერა ეს ყურძენი ჩემს სახელზე? ქართლელიშვილის შუამავალი თვითონ ლეგაშვილი იყო, მან მთხოვა ქარხანაში ყურძნის ჩასაბარებლად დავხმარებოდი. ქართლელიშვილის გამო ვიყავი პასუხისგებაში მიცემული, ქვითრები იყო გაყალბებული. თუმცა, არავის არ გაუყალბებია ეს ქვითრები, უბრალოდ, ჩემი სახელით რომ იყო შეტანილი ქარხანაში სხვისი ყურძენი ამის გამო მიმცეს პასუხისგებაში. გირაოთი გამათავისუფლეს, თუმცა თანხა არ გადამიხდია. სასამართლო რომ დასრულდება და განაჩენს გამოიტანს მერე გადავიხდი. ბინა მაქვს ჩადებული გირაოს სანაცვლოდ", _ ამბობს ხუტიაშვილი.
რა კავშირი აქვს საქმესთან გიორგი ლეგაშვილს და ნამდვილად სთხოვა თუ არა ხუტიაშვილს მან დახმარება ქართლელიშვილის ყურძნის ჩაბარებაში, ამის გასარკვევად გიორგი ლეგაშვილთან დაკავშირება "გურია ნიუსმა" არაერთხელ სცადა, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დიანა ქართლელიშვილი კი ამბობს, რომ ლეგაშვილს საქმესთან კავშირი არ აქვს.
ვერსია #3
კომპანია "ჰელიოს +"- ის ბუღალტერი მანანა ელიკაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქარხანაში ყურძენი დიანა ქართლელიშვილს არ მიუტანია.
"ოფიციალურად, ქართლელიშვილს ჩემს ქარხანაში ყურძენი არ ჩაუბარებია. მოიტანა იოსებ ხუტიაშვილმა და მისგან მივიღე. არანაირი დოკუმენტაცია ქარხნისგან არ არის გაყალბებული.. რაც უნდათ ის ქნან, დაჭამონ ერთმანეთი, ჩემთან საქმე მაგათ არ აქვთ", _ გვითხრა ელიკაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა. ამის შემდეგ "გურია ნიუსი" კიდევ რამდენჯერმე ეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა ელიკაშვილი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს.
"გურია ნიუსი" საკითხზე მუშაობას აგრძელებს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში კიდევ ერთ სტატიას შემოგთავაზებთ.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს