15 ივლისს, ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრის წინ, სახელოვანი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორი ხელოვანის მოსწავლე, გია ჭანკოტაძეა.
ეს სახვითი ხელოვნების ცენტრი (რომელსაც ოზურგეთის სურათების გალერეაც ჰქვია), თავად მო ქანდაკის სახელობისაა და ოზურგეთისთვის ეს ფაქტი ორმაგად სასიხარულოა.
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, კახა სიხარულიძემ ისაუბრა ხელოვანის შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელობასა და მისი ნამუშევრების გენიალურობაზე:
_ მერაბ ბერძენიშვილმა მსოფლიოში გაუთქვა სახელი ქართულ ინტელექტს, ქართულ აზრს. ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთი ფაქტი მოხდა ოზურგეთში ხელოვანის ბიუსტი გაიხსნა. მსოფლიო დონის შემოქმედისადმი, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა, _ თქვა მან.
მერაბ ბერძენიშვილის ბიუსტის გახსნის პარალელურად, ოზურგეთელი ცნობილი მხატვრის, ვახტანგ მამეშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მრავალი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.
_ ერთხელ მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადამიხადეს. ახლა 80 წლის იუბილე მომილოცეს და თუ ვიცოცხლე, მსურს ისე ვიცხოვრო და ვიმუშაო, ერთხელ კიდევ გავაკვირვო, როგორც საკუთარი თავი, ისე ყველა, _თქვა სახელოვანმა ხელოვანმა.
მერაბ ბერძენიშვილის ბიუსტის გახსნისას, გაისმა ოზურგეთის ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლ, „შვიდკაცას“ მიერ შესრულებული მრავალჟამიერი.
ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც მრავალი სტუმარი, ისე ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრი, მისი იხელმძღვანელობა აქტიური და მაღალი კლასის შემოქმედებითი მუშაობით გამოირჩევა, რაც ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე