თბილისის ზღვაზე, ხვალ, ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ათლეტების სოფელს, რომელშიც ოლიმპიური ფესტივალის დროს 4 000-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დილის 11:00 საათზე ოფიციალურად გახსნის.
ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, აშენდა ოლიმპიური სოფელი, რომელიც ევროპის საკოორდინაციო კომისიის მიერ, ოლიმპიური სოფლების ისტორიაში შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სოფელი.
იგი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. ამ მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი პროექტის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კორპორაცია "ჰუალინგ ჯგუფი" აწარმოებდა. კომპლექსი აერთიანებს 9 საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას.
ფესტივალის მსვლელობის დროს ოლიმპიურ სოფელში ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – კონცერტები და შოუები.
ოლიმპიურ სოფელს სპორტსმენები ეტაპობრივად 1-2-3- აგვისტოს დატოვებენ.
მე-13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" ჩატარდება საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. ფესტივალის განმავლობაში ქ.თბილისს 50 ქვეყნის 4000-მდე მონაწილე ეწვევა. ჯამში კი 10 000-მდე სტუმარს ველოდებით.