ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულმა 4-მა მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ისინი ერთი კვირაა შიმშილობენ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით კი, უკვე 2 დღეა სამ მსჯავრდებულს პირი აქვს ამოკერილი ორმა კი, პირთან ერთად თვალიც ამოიკერა.
ამ მსჯავრდებულების შესახებ "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა. საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას და შენობიდან დაკავებული პირის, თემურ გაბუნიას გაქცევას.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა შენობიდან გაქცევა სწორედ ნათესავების დახმარებით შეძლო, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, პოლიციელებისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ საქმეში მსჯავრდებული პირები. მათი თქმით, პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა იქეთ მიაყენეს. თუმცა, 2015 წლის 10 ივნისს, ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ საქმეში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო. 5 პირს პატიმრობა, ორ ქალბატონს კი ჯარიმა შეუფარდა.
მას შემდეგ დაკავებულებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე მეორედ მიმართეს.
ამავე საქმეში მსჯავრდებულის, მაია კეკელიას განცხადებით, მსჯავრდებულები უკანონო სასჯელს აპროტესტებენ და ითხოვენ, საქმე პროკურატურამ გამოიძიოს. მსჯავრდებულები ამ დრომდე თავს უდანაშაულოდ ცნობენ.
"უდანაშაულო ადამიანებს სასჯელს ახდევინებენ და მეტ გამოსავალს არ უტოვებენ. ბიჭები უკვე თითქმის ერთი კვირაა შიმშილობენ. თვითმკვლელობამდეც რომ მივიდნენ არავის გაუკვირდება. ჩვენი მდგომარეობით არავინ ინტერესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას, მთავარ პროკურატურას არაერთი წერილით მივმართე იმ პოლიციელების გადაცდომები და ბრალეულობა გამოიკვლიოს, რომლებმაც უდანაშაულო ადამიანებს თავდასხმა დაგვაბრალეს. თუ ჩვენ დამნაშავეები ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიციელები უდანაშაულოები არიან. არაერთი გადაცდომა იკვეთება საქმეში და ვითხოვთ გამოიძიონ. ვთხოვეთ ტელევიზიებსაც საქმით დაინტერესებულიყვნენ, თუმცა ჩვენამდე არცერთი ჟურნალისტი არ მოსულა. როგორც ჩანს, მთავრობისგან აქვთ დირექტივა, რომ გარკვეული თემები არ გააშუქონ", _ ამბობს კეკელია.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მსჯავრდებულები ამ დრომდე შიმშილობენ.
"გუშინ ღამის მონაცემებით,ოთხ მსჯავრდებულს პირი აქვს ამოკერილი, ერთმა თვალებიც ამოიკერა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ჯერჯერობით სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებენ", _ აცხადებენ სამინისტროში.
ამავე თემაზე:
პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი
როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"
"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ"
რა განაჩენი გამოუტანა პოლიციელების ცემაში ბრალდებულებს სასამართლომ
"7 თვეა უსამართლოდ ვზივარ ციხეში, ამიტომ სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე ვიბრძოლებ"
პატრულის ცემისთვის ქალბატონებს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა (ვიდეო)