საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველთან და ამჟამად აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან სტივენ ჰედლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთან და ზოგადად, რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხედვაზე ისაუბრეს. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე შიდა პროცესებზე, ასევე განიხილეს რუსეთის ქმედებები გლობალურ კონტექსტში.
კომიტეტის თავმჯდომარემ დახურული შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩთან საქართველოში იენ კელისთან. შეხვედრისას, რუსეთში, უკრაინასა და რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ვითარება მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე გამახვილდა. მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა საქართველოში და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ისაუბრეს. ხაზი გაესვა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, შეხვედრები მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, კონგრესმენებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.