საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით შსს-ს გაყოფა, რომელიც სულ ახლახან მოხდა, კოალიციის დაპირებებში შედიოდა:
_ "ოპოზიციას ჰგონია, რომ ყოველთვის უნდა აკრიტიკოს. კარგია, ცუდია, _ ყოველთვის უნდა თქვას ცუდი, როგორიც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მე მგონია, რომ აქაც ცოტა განვითარება გვაკლია. ოპოზიციამ უნდა გაბედოს კარგზე კარგის თქმა, ცუდი აკრიტიკოს და უკეთესი გზები აჩვენოს.
კი ბატონო იქ კითხვებია, პოლემიკის საგანია, ეს პარლამენტში შევა კიდევ, ვენეციის კომისიის დასკვნებს შეუძლია საზოგადოება გაეცნოს. იცით შსს გაიყო, რასაც დიდი ხანია ითხოვდნენ და ა.შ. ეს შედიოდა ჩვენს დაპირებებში, ჯერ საარჩევნო პერიოდი არ დასრულებულა.
არ დაგიმალავთ "თეთრი საყელოს" პრინციპის დაცვითაც დავინტერესდი, წინასწარ პატიმრობაზე იქნებ იმსჯელონ, ის რომ მოწმე დაიკითხოს სასამართლოში და ა.შ. რაც წინ გადადგმული ნაბიჯია რეალურად და არა, ფორმალურად, როგორც ამას წინა ხელისუფლება თვალის ასახვევად აკეთებდა და ამის მსგავსს არაფერს აკეთებდნენ.
ეს ყველაფერი კეთდება და შეიძლება იმაზე მეტიც მოასწროს ხელისუფლებამ და გააკეთოს, მე მხედველობაში მაქვს კანონშემოქმედება, რაც უნდა შეგვეცვალა. ვალად გვრჩება კონსტიტუცია და კონსტიტუციის მოწყობა. მაგის განხილვასაც, როგორც ვიცი, აპირებენ და იწყებენ.
როდესაც საუბრობენ, რომ არ შესრულდა და მე მიხსენებენ, მაშინაც ვთქვი, როცა ხელისუფლებიდან წამოვედი, რომ მე ხელისუფლების დაპირებებზე პასუხისმგებლობა მაქვს", _ განაცხადა ივანიშვილმა "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუშ.
მისივე თქმით პოლიტიკაში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, "თუ რაღაც საოცრება მოხდება":
_ პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება. ჩვენ დღეს გვყავს სახალხო ხელსუფლება და ჩემი აზრით გვყავს კარგი პრემიერი, პარლამენტის კარგი თავმჯდომარე და არაფერი იმის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობა გახდეს საჭირო“ _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ივანიშვილმა.