ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეალურად, ქვეყანაში უმუშევრობა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს.
ჩვენს კითხვაზე, რომ მას ოპონენტები ხშირად ახსენებენ დაპირებას, რომლის თანახმადაც ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი ეკონომიკურად გამართული იქნებოდა, რაც არ მომხდარა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია, მესამე წელს, ეკონომიკური აღმასვლა მოხდეს.
"ისიც კი შემახსენეს, ეს არ მოდიოდა ჩემს ტერმინოლოგიაში, რომ ყველა ჯიბეს დაეტყობოდა. მე ვეღარ მოვახერხე გადამოწმება, ესეც კი მითქვამს ერთხელ სადღაც. ნუ, რა თქმა უნდა, არაკორექტული ვიყავი, როდესაც ეს ვთქვი.
რამდენადაც, ეკონომიკურად, შეუძლებელია, მესამე წელს, რომ ეკონომიკური აღმასვლა ყველა მოსახლეობის ჯიბეს დაემჩნეს. რეალურად, უმუშევრობა იმაზე მეტია, რასაც სტატისტიკა წერს, რამეთუ, ვინც დასაქმებულია საკუთარ მეურნეობებში, მათაც დასაქმებულებში მიიჩნევენ. მათი შემოსავალი ძალიან მწირია და საკამათოა, რამდენად შეიძლება ისინი დასაქმებულად ჩავთვალოთ. ვფიქრობ, უარესობაა, ვიდრე სტატიტიკის მონაცემებით არის.
შეეხება მესამე წელს ეკონომიკის სტაბილურობას, მე რის საფუძველზეც ვსაუბრობდი, დღესაც გავიხსენებ ამას, რატომ ვამბობდი და რაც მქონდა მხედველობაში, მე ვფიქრობ, რომ „ყველა ჯიბეს დაეტყობა“ ეს, რომ ვთქვი ეს წამოცდენაა. ეს არ არის გააზრებული და, ასე შეიძლება პრინციპში, ინტერვიუს დროს რაღაც მოხდეს, მაგრამ ეს ერთხელ ვთქვი და სტაბილურად რომ ეს მეთქვა, ამას ვერ ნახავთ.
შეიძლება ერთხელ ვთქვი და ისიც გადასამოწმებელი მაქვს. „ტაბულამ“ აღმოაჩინა და ვერ მოვიცალე, რომ გადამემოწმებინა, იმდენად ჩემი არაა, რამეთუ მე კარგად ვიცოდი, რასაც ვამბობდი. ეკონომიკა ვიცი და ვიცი რა დრო სჭირდება, რომ ევროპული ტიპის ეკონომიკა მივიღოთ.
წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბიზნესში ხელების ფათური შეწყდა ჩვენი მოსვლით, კონკურენტუნარიანია ბაზარი, პრივილეგირებული ბიზნესმენები არ არსებობენ და, სხვათა შორის, შფოთავენ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესმენებს ბაზრების მოპოვებაში დაეხმაროს, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად დააჩქაროს“, _ განაცხადა ივანიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
რას ფიქრობს მცოცავ ოკუპაციაზე, პრემიერზე, პრეზიდენტზე, "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ დეპუტატებზე, "თავისუფალ დემოკრატებზე“, მინისტრებზე, "პანორამა თბილისზე“, მაჟორიტარებზე, გუბერნატორებზე, რას ელოდება პროკურატურისგან, როდის იყო არაკორექტული და ვისთან აპირებს საუბარს შეუსრულებელ დაპირებებზე _ ამ და სხვა თემებზე ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ სრულ ინტერვიუს ორშაბათს შემოგთავაზებთ.